თსუ-ის სტუდენტების ერთი ჯგუფი სწავლის საფასურის შემცირებას ითხოვს
“ერთიანი სტუდენტური ალიანსის” წევრები თსუ-ის რექტორს გიორგი ხუბუას შეხვდნენ. სტუდენტების ნაწილი სწავლის საფასურის გაზრდას აპროტესტებს.
;როგორც სტუდენტმა თიკო ნიბლაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მათი მოთხოვნა საფასურის შემცირება იყო, თუმცა რექტორისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს. სამაგიეროდ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ივნისის პირველ კვირაში სტუდენტები რექტორთან ერთად განათლების მინისტრ ნიკა გვარამიას შეხვდებიან და იმსჯელებენ, შესაძლებელია თუ არა სწავლის საფასურის შემცირება.
;მიუხედავად ამისა, სტუდენტები დარწმუნებულები არიან, რომ მინისტრთან მათი შეხვედრა შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან ისინი ნიკა გვარამიას ერთხელ უკვე შეხვდნენ და უარყოფითი პასუხი მიიღეს.
;“ერთიანი სტუდენტური ალიანსის” თავმჯდომარის ლევან ჩიტაძის განცხადებით, სტუდენტებმა დაახლოებით ორი კვირის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილი გაუგზავნეს, სადაც საფასურის შემცირებას და მათ მფარველობას სთხოვდნენ, რადგან, ალიანსის თავმჯდომარის განცხადებით, მათზე გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს. კერძოდ, მათ აქტიურ წევრებს, რომლებიც განსხვავებულ აზრს აფიქსირებენ, პატრული დასდევს და აკონტროლებს. თუმცა, პრეზიდენტისგან სტუდენტებს წერილის პასუხი და მხარდაჭერა არ მიუღიათ.
;აღნიშნულის გამო ისინი უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები და პროტესტს გამოთქვამენ. სტუდენტების ნაწილი, პრეზიდენტთან შეხვედრის მოთხოვნით, ერთ-ერთ აუდიტორიაში შიმშილობის დაწყებასაც აპირებს.

























