მთავარი პროკურატურა მუხროვანის ამბოხში ბრალდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმებაზე განმარტებებს აკეთებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მუხროვანის სამხედრო ამბოხში ბრალდებულების მიმართ საპროცესო შეთანხმების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

პროკურატურის ცნობით, 13 განსასჯელთან: ვლადიმერ გულიკაშვილთან, ილია ღამბარაშვილთან, კახაბერ ჯოლბორდისთან, გიორგი სამადაშვილთან, კახაბერ დვალთან, პაატა ხოხაშვილთან, დავით ამირიძესთან, უჩა ჩოხელთან, გელა გოგალაძესთან, დავით პეტრიაშვილთან, გია ღვალაძესთან, დავით გვენცაძესთან და ზაზა მუშკუდიანთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე.

პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ზემოხსენებული პირები არიან შემსრულებლები, დამხმარეები და არა ორგანიზატორები. სხვა განსასჯელებისგან განსხვავებით, მათ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, ამხილეს უშუალო ორგანიზატორები, მიაწოდეს გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად ამბოხებისა და კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობის ორგანიზატორების _ კობა ოთანაძის, ლევან ამირიძის, კობა კობალაძის, შოთა გორგიაშვილის და სხვათა მიმართ, რითაც ხელი შეუწყვეს დანაშაულის გახსნას.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული 13 განსასჯელის მიმართ პროკურატურამ დადო საპროცესო შეთანხმება.

რაც შეეხება დანაშაულის ძირითად ორგანიზატორებს და მასში აქტიურად მონაწილე პირებს _ კობა ოთანაძეს,; ლევან ამირიძეს, შოთა გორგიაშვილს და სხვებს, მათ მიმართ გრძელდება საქმის სასამართლო განხილვა.