რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები ქუთაისში “დიდების მემორიალის” აფეთქების გამო აღშფოთებულები არიან.
;როგორც სათათბიროს ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება, შესაბამისი განცხადება სახელმწიფო სათათბირომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღო. დადგენილებას ხმა 448 დეპუტატმა მისცა.
;რუსი დეპუტატები დარწმუნებულნი არიან, რომ მემორიალის განადგურება საქართველოს ხელისუფლებამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ “ქართველი და რუსი, ასევე ფაშისტური ჭირის წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ხალხის დამაკავშირებელი სიმბოლოს განადგურება სურდა”.
;“თბილისის რეჟიმი, რომელიც ევროპული ფასეულობების ერთგულებაზე ხმამაღლა აცხადებს, მსგავსი ფაქტებით საკუთარ თავს ევროპული ცივილიზაციის მიღმა აყენებს, ამასთან, უხეშად და ცინიკურად ეხება საკუთარი ხალხის გმირობას”, - ნათქვამია დუმის განცხადებაში.
;მასში ასვე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა ინიციატივას, ქართველი მეომრების მემორიალი მოსკოვში აღდგეს. დეპუტატების აზრით, ძეგლის აღდგენა რუს და ქართველ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის აღდგენას შეუწყობს ხელს, “რომლის განადგურებასაც თბილისი ქუთაისის მემორიალის მსგავსად ცდილობს”.
;ამასთან, რუსეთის დუმამ მოუწოდა უცხოეთის სახელმწიფოების პარლამენტებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, “თბილისის რეჟიმის” ქმედება დაგმონ, რომელმაც “2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ წაგებული ომის შემდეგ ომის წამოწყება ქართველი ხალხისა და საერთო ისტორიის წინააღმდეგ სცადა”.
;ქუთაისში დემონტაჟის მიზნით “დიდების მემორიალი” 19 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქებას ორი ადამიანი შეეწირა. რუსეთის ფედერაციის პრემიერი ვლადიმერ პუტინი მემორიალის მოსკოვში აღდგენის ინციატივით გამოვიდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"