ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2008

"პარლამენტში მოღვაწე ოპოზიცია საპარლამენტო უმცირესობის შექმნას გეგმავს. გიორგი თარგამაძის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში კონსულტაციები უკვე დაიწყო და გადაწყვეტილება სავარაუდოდ კვირის ბოლოს იქნება მიღებული. მისივე განმარტებით, უმცირესობას რეგლამენტის გამოყენების მეტი ბერკეტები გააჩნია. ამასთან, უმცირესობის შექმნა-არშექმნაზე იქნება დამოკიდებული საპარლამენტო თანამდებობებზე ოპოზიცია ვის კანდიდატურებს წარადგენს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "ოპოზიცია საპარლამენტო უმცირესობის შექმნას გეგმავს / გიორგი თარგამაძე: "ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ და ყველა რესურსი უნდა გამოვიყენოთ".

"პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, "უმცირესობის შექმნა შეუძლიათ ფრაქციებს და მათდამი მიმხრობილ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, თუ გაერთიანებულ დეპუტატთა საერთო რაოდენობა აღემატება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა რაოდენობის ნახევარს". ახალ პარლამენტში უმრავლესობის შემადგენლობაში 119 დეპუტატია, მის გარეთ დარჩენილი დეპუტატების რაოდენობა კი, "ლეიბორისტების" ჩათვლით, 20-ს შეადგენს. შესაბამისად, უმცირესობის შექმნა 11 ოპოზიციონერ დეპუტატს შეუძლია. თავდაპირველად, ახალ პარლამენტში უმცირესობის ჩამოყალიბებას ოპოზიციის 16 წარმომადგენელი ესაჭიროებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გაერთიანებული ოპოზიციის 11 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა, აღნიშნული რაოდენობა 11-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმცირესობის შექმნა ვერ შეძლო წინა მოწვევის პარლამენტის ოპოზიციურმა სპექტრმა - მაშინ 235 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტში უმცირესობის შესაქმნელად 54 დეპუტატი იყო საჭირო", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას უმცირესობა. ეს საშუალებას მისცემთ, რომ ერთიანი პოზიცია დააფიქსირონ და საკუთარი ძალების კოორდინაცია უკეთესად მოახერხონ. მაგრამ, უფლების თვალსაზრისით, მას შემდეგ რაც რეგლამენტში შევიტანეთ ცვლილებები, უმცირესობის უფლებებს ფაქტობრივად გაუტოლდა ფრაქციის უფლებები და აქედან გამომდინარე, ეს მათთვის იქნება უკეთესი არა უფლებების კუთხით, არამედ საკუთარი ძალების მობილიზების თვალსაზრისით", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პალიკო კუბლაშვილი.

"რაც შეეხება უმცირესობის შექმნის შემთხვევაში თანამდებობების გადანაწილებას, ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას სურს, რომ ვიცე-სპიკერი უკვე უმცირესობის კვოტით ლევან ვეფხვაძე იყოს, თავად გიორგი თარგამაძე კი უმცირესობის ლიდერი იქნება. ამასთან, ლევან ვეფხვაძე იმ შემთხვევაშიც ვიცე-სპიკერი იქნება, თუკი უმცირესობის შექმნა ვერ მოხერხდება. როგორც უკვე ცნობილია, მათთან გაერთიანებას პაატა დავითაია და დიმიტრი ლორთქიფანიძე აპირებენ და ასევე არ გამორიცხავენ, რომ მათთან გაერთიანდეს გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი. ჯონდი ბაღათურიას კი ცალკე ფრაქციის შექმნა სურს. ჯერჯერობით უცნობია რას აპირებს რესპუბლიკელების და ლეიბორისტების ორ-ორი წევრი. თუმცა, თუკი უმცირესობის შექმნა მოხერხდა, სავარაუდოდ, ყველა მათგანი უმცირესობაში გაერთიანდება", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

"გვაქვს მოსაზრება შევქმნათ ერთი დიდი უმცირესობა პარლამენტში მყოფ იმ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატთა მონაწილეობით, რომლებიც უმრავლესობაში დღეს არ არიან. ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ვის რა თანამდებობები ექნება. ვინ იქნება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე უმცირესობის კვოტით და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების კონსულტაციების გარეშე გადაწყვეტა შეუძლებელია. შეიძლება, ვიცე-სპიკერობა ჩემი სურვილი იყოს, მაგრამ სურვილების თანხვედრა ერთგვარი პოლიტიკაა და უნდა მოვხერხოთ ჩვენი სურვილების ერთმანეთთან შეჯერება", - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის გენერალური მდივანი ლევან ვეფხვაძე გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით უმცირესობა ვიცე-სპიკერის კანდიდატურაზე კონსულტაციებს მართავს / ლევან ვეფხვაძე: "შეიძლება, ვიცე-სპიკერობა ჩემი სურვილი იყოს, მაგრამ სურვილების თანხვედრა ერთგვარი პოლიტიკაა და უნდა მოვხერხოთ ჩვენი სურვილების ერთმანეთთან შეჯერება".

"ჯერჯერობით "ღიად რჩება" სამი ვიცე-სპიკერის პოსტი. რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებებით, სამი ვიცე-სპიკერის წარდგენის უფლება არჩევნებში ბარიერგადალახულ და პარლამენტში ფრაქციის მქონე სხვა პოლიტიკურ ძალებსაც აქვთ. ფრაქციის შექმნის თაობაზე ჟურნალისტებთან ღიად საუბრობდა გიორგი თარგამაძე. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, ვინ გაერთიანდება ფრაქციაში და ვის კანდიდატურას დააყენებენ ქრისტან-დემოკრატები ვიცე-სპიკერის პოსტზე", - წერს გაზეთი "ვერსია" სტატიაში სათაურით ოპოზიცია უმცირესობას ქმნის.

"კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ მალე კიდევ ერთი ვიცე-სპიკერი გვეყოლება - ლევან ვეფხვაძე. თარგამაძე ჟურნალისტებთან უმცირესობის შექმნაზეც საუბრობდა, რაზეც ოპოზიციაში კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. საქმეს ისიც აადვილებს, რომ უმცირესობის შესაქმნელად ამჟამად მხოლოდ 11 დეპუტატია საჭირო. თუ ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში შესულ დავითაიას, ბაღათურიას, თორთლაძეს, ცაგარეიშვილს და ლეიბორისტებისა და რესპუბლიკელების 2-2 მაჟორიტარს დაიმატებენ, უმცირესობის შექმნა არ გაუჭირდებათ", - აღნიშნავს გამოცემა.

შემთხვევა შარდენის ქუჩაზე - აფეთქება თუ დაშინება?

"გუშინ სასტუმრო "მეიდან პალასთან" "სილფორდ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ირაკლი რუხაძის კუთვნილი მერსედესის მარკის მანქანა აფეთქდა. როგორც გაირკვა, მანქანა დანაღმული იყო. აფეთქების მომენტში მანქანაში არც მძღოლი და არც მისი მეპატრონე არ იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილას ასფალტი მთლიანად იყო გახვრეტილი. გამოძიების შედეგად უკვე დადგინდა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება მოთავსებული იყო ძრავის ქვედა ნაწილში ან მიწაზე, სადაც მანქანა იყო გაჩერებული. აფეთქების შედეგად მანქანამ ძლიერი დაზიანება მიიღო, მაგრამ გამნაღმველეობის თქმით, მანქანაში ადამიანის ყოფნის შემთხვევაში აფეთქება ადამიანის სიკვდილს არ გამოიწვევდა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით აფეთქება შარდენის ქუჩაზე.

"გუშინ დილით, დაახლოებით 11 საათზე შარდენის ქუჩაზე აფეთქდა კომპანია "სელფორდ ჯორჯიას" გენერალური დირექტორის ირაკლი რუხაძის მერსედესის მერკის ავტომანქანა, რომლის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც კრიმინალისტები ვარაუდობენ, ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანის ქვეშ იდო და მთლიანად მანქანის აფეთქება იყო დაგეგმილი. თუმცა აფეთქება მხოლოდ საბარგულის მხარეს მოხდა. ჯერჯერობით უცნობია ასაფეთქებელი ნივთიერების სახეობაც. სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ დანაშაული "სელფორდ ჯორჯიას" დირექტორის დასაშინებლად დაიგეგმა. თავად რუხაძე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით აფეთქება შარდენის ქუჩაზე.

"სელფორდ ჯორჯია" ფონდებისა და ინვესტიციების მმართველი კომპანიაა, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. მის მართვაში იყო სასტუმრო "აჭარა", კომპანია "ტელენეტი", "სტანდარტ ბანკი", "მთაწმინდის პარკი", კომპანია "იმედი". 2007 წლიდან "სტანდარტ ბანკმა" ლიკვიდაცია გამოაცხადა, ცოტა ხნის შემდეგ კი "სტანდარტ ბანკის" აქციების 100-პროცენტიანი წილი არაბულმა "კორბანკმა" შეიძინა. მოგვიანებით, ტელერადიოკომპანია "იმედის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შემდეგ, "სელფორდ ჯორჯიამ" ტელეკომპანია "იმედთან", რადიო "იმედთან" და მათთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყოველგვარი სამართლებრივი და ფინანსურ-ეკონომიკური ურთიერთობა შეწყვიტა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გუშინ სასტუმრო "მეიდან პალასის" წინ, სადაც" სელფორდ ჯორჯიას" ოფისია განლაგებული, ამავე კომპანიის დირექტორის ირაკლი რუხაძის კუთვნილი ავტომანქანა აფეთქდა. საბედნიეროდ, არ არიან დაშავებულები. აფეთქებამ მხოლოდ რამდენიმე მანქანა დააზიანა. ირაკლი რუხაძე განსვენებულ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი გახლდათ, რომელიც მის გარდაცვალებამდე საქართველოში ბიზნესმენის ქონებას განკარგავდა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით რა კავშირი აქვს აფეთქებას პატარკაციშვილის ოჯახთან? / ირაკლი რუხაძე, რომელიც პატარკაციშვილის აქტივებს მართავდა, დღესაც ოჯახის მხარესაა.

"ირაკლი რუხაძის თანაშემწის თქმით, ირაკლის ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს. შეგახსენებთ, რომ კომპანია "სელფორდ ჯორჯიას" სათაო ოფისი ლონდონშია, საინტერესოა ისიც, რომ თავად ირაკლი რუხაძე აშშ-ის მოქალაქე გახლავთ", - აღნიშნავს გამოცემა.

"ირაკლი რუხაძის მანქანის აფეთქებას ექსპერტი გია ხუხაშვილი და ეროვნული საბჭოს წევრი გოგა ხაინდრავა დაშინების მცდელობად აფასებენ. თავად რუხაძე კი ამ ფაქტზე კომენტარისგან თავს იკავებს. როგორც ცნობილი გახდა, რუხაძემ დღესვე საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და ოჯახთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პატარკაციშვილის გარემოცვის დაშინება გრძელდება.

"ამ აფეთქების მიზანი არ იყო ირაკლის ფიზიკური განადგურება, უბრალოდ, ეს იყო გაფრთხილება. ირაკლი არის დანიშნული დირექტორი, კომპანია იმართება ლონდონიდან, აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურია ეს ფაქტი. რას მიანიშნებენ, ვერ გეტყვით, რადგან ირაკლის გადაწყვეტილების მიღება ფიზიკურად არ შეუძლია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"ძნელია ამ თემაზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ ეს კომპანია ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა, ის მთაწმინდის პარკის მართვას ახორციელებდა. ეს რომ პირდაპირ კავშირშია ოჯახთან, ამას ლაპარაკი არ უნდა. ფაქტი არის ძალიან საგანგაშო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგა ხაინდრავა.

მეტიუ ბრაიზა - "საუკეთესო ვარიანტი პირდაპირი დიალოგია"

"არსებულ სამშვიდობო მისიას გალის რაიონში არ გააჩნია მანდატი მოსახლეობის დასაცავად ძალოვანი ოპერაციების განხორციელებისთვის. ამიტომაც მგონია, რომ რაღაც სხვა დამატებითი არის საჭირო, რათა იქ ძალოვანი ოპერაციები გატარდეს. შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს, თუ აფხაზები და ქართველები ამ ფუნქციას საკუთარ თავზე აიღებენ. ამით ჩვენ არა დსთ-ს სამშვიდობო ფორმატის შეცვლისკენ გამოვთქვამთ მოწოდებას, არამედ რაღაც სხვა დამატებითის საჭიროებას ვხედავთ", - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მეტიუ ბრაიზა გაზეთ "24 საათისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით საუკეთესო ვარიანტი პირდაპირი დიალოგია.

"რუსეთსა და საქართველოს, ტრადიციულად, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. არსებული იმედგაცრუება რუსებში, როგორც ჩანს, იმ ფაქტით არის გამოწვეული, რომ გამოჩნდა ვიღაც სხვა და ეს სხვა არის ამერიკა და ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობა. რუსეთის ნაბიჯები ბოლო დროს მართლაც შიშს ბადებს. განსაკუთრებით მწვავეა ის პროვოკაციული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი უკანასკნელ პერიოდში ავლენს. სასაცილოა, რომ როკის გვირაბის ერთობლივი მონიტორინგი ჯერ კიდევ არ არსებობს ან ის, რაც ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე - ეს ხომ აშკარად პროვოკაციული პოლიტიკაა. სახეზეა რუსეთის ნეგატიური ქმედებები. საქართველო სუვერენული ქვეყანაა. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა.... ამერიკისთვის ცხადია, რომ საქართველომ მაპ-ის ყველა კრიტერიუმი შეასრულა. ამიტომაც, როცა ევროპა უარს ამბობს იმაზე, რომ საქართველოს მაპ-ი მიანიჭოს, კრიტერიუმების შეუსრელებლობის პრობლემა, უბრალოდ, ვერ იქნება. როგორც ჩანს, ევროპისთვის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ აქვთ სურვილი, არ გაღიზიანდეს მოსკოვი. ამერიკასაც არ სურს რუსეთის გადამტერება ან პრობლემის შექმნა, სადაც ამის საჭიროება არ არსებობს. ვაცნობიერებთ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთის კონსტრუქციული მონაწილეობაა საჭირო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მეტიუ ბრაიზა და შეკითხვას - "თუ პრეზიდენტი სააკაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე, როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?" - პასუხობს:

"იმედი მაქვს, ვითარება აქამდე არ მივა. ცალსახად ვაღიარებთ საქართველოს სუვერენულ უფლებას, მოითხოვოს უცხო ქვეყნის ჯარების გაყვანა საკუთარი ტერიტორიიდან. ჩვენ კარგად ვიცნობთ დსთ-ს სამშვიდობოების საქართველოში დაშვების ხელშეკრულებას და იმ პირობებს, რომლებსაც საქართველო ამის სანაცვლოდ დაეთანხმა. თუმცა, ერთი მხრივ, არის უფლება და მეორე მხრივ - მომავალზე გათვლილი, გრძელვადიანი და საღი გადაწყვეტილება. ჩვენ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილს, გვესმის, რომ ამ პროცესში გარკვეული როლი გვაკისრია. ჩვენ უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რათა რუსეთმა არა მხოლოდ არ ჩაშალოს პირდაპირი დიალოგის პროცესი, არამედ მოუწოდოს აფხაზებს პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ ქარულ მხარესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდებით და საქართვველოს ხელისუფლება ორი მიუღებელი სცენარის წინაშე დადგება: ან დაუშვას აფხაზების გააქტიურება ან თავად მიიღოს მკაცრი ზომები, რაც, ალბათ, არც ერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ამიტომ მესამე ვარიანტის შექმნაზე უნდა ვიმუშავოთ: ეს იქნება ნამდვილი პირდაპირი მოლაპარაკებები

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!