ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2008

პროცესი დაიძრა და აღარ შეჩერდება" ლეიბორისტები ოპოზიციის საერთო ლიდერად შალვა ნათელაშვილის დასახელებას ითხოვენ

მოწყენილობის სეზონი ქართულ ტელეეთერში მოკლედ:

აზერბაიჯანმა აღლუმზე დიდძალი ულტრათანამედროვე ტექნიკა აჩვენა"აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში ევროპის გაცილებით აქტიურად ჩართვით პროცესი დაიძრა და აღარ შეჩერდება"

"სეპარატისტთა ლიდერის უმაღლეს დონეზე მიღება მეზობელი ქვეყნის მიერ, როგორც წესი, კარგს არაფერს ნიშნავს. მაგრამ, მოდი, დავიტოვოთ იმედი, რომ იქ შეიძლება კონსტრუქციულობისკენ მოწოდებასაც ჰქონდა ადგილი. წარსულის გამოცდილებით, არავითარი არგუმენტაცია და მოტივი არ გვაქვს საიმისოდ, რომ რუსეთმა ახლა მაინც პოზიტიური როლი ითამაშოს, ხაზგასმით ვიტყვი, რომ არავითარი სურვილი არ მაქვს, თავი მოვიტყუო. ამასთან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსეთის გამორიცხვით ამ კონფლიქტის გადაჭრა არაპერსპექტიულია. ამიტომაც ყველა საშუალებით უნდა ვეცადოთ, ამ პროცესში რუსეთის როლი პოზიტიური გავხადოთ - რამდენად გამოგვივა, მომავალი გვიჩვენებს", - აცხადებს ექსპერტი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მოიგებს ის, ვისაც უკეთესი ნერვული სისტემა ექნება" / "დავიტოვოთ იმედი, რომ მედვედევისა და ბაღაფშის შეხვედრაზე კონსტრუქციულობისკენ მოწოდებასაც ჰქონდა ადგილი".

"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ამიერკავკასიაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთისა და კერძოდ ევროკავშირის აქტიურ პოზიციაზე, ამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის ტემპზე, ხარისხსა და იმ როლზე, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთ ევროპა და ცივილიზებული მსოფლიო შეასრულებს. ამ კუთხით არსებობს უზარმაზარი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალი, რაც დასავლეთს როგორც უშუალოდ კონფლიქტური რეგიონების, ისე რუსეთის მიმართ შეუძლია გამოიყენოს ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარებისა და, ზოგადად, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შექმნის თვალსაზრისით. მთავარია, აფხაზებმა დაინახონ, რომ მათ სწორედ ამ მიმართულებით და ამ გზით უნდა გამონახონ ჩვენთან ერთად გამოსავალი და არა იმ გალიაში ჩაკეტვით, სადაც ისინი, სამწუხაროდ, უკანასკნელი თხუთმეტი წელია გამომწვდეული ჰყავთ მოსკოველ პოლიტიკოსებს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი და შეკითხვას - "ბოლო დროს პერმანენტულად გააქტიურდა ლაპარაკი კონფლიქტის ზონაში საომარ მოქმედებათა განახლების თაობაზე. ამ მხრივ რამდენად რეალურია საფრთხე?" - პასუხობს:

"გააჩნია, საომარ მოქმედებებში რა იგულისხმება. პირადად მე, რუსეთ-საქართველოს ფართომასშტაბიანი, აპოკალიფსური დაპირისპირებისა არ მჯერა, ამგვარი მოქმედება პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთს ძალზე ძვირი დაუჯდება. პროვოკაციები კი, შესაძლოა, მცირე მასშტაბის შეტაკებებში გადაიზარდოს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ მსოფლიოს დაანახვონ, საქართველომ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების რესურსი ამოწურაო. ცხადია, ასეთ მცდელობებს ადგილი ექნება, რადგან ეს რუსეთის ინტერესებში შედის - ასეთი აქციები პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას. საუკეთესო საშუალება, გზა გადაუკეტონ საქართველოს ნატოსკენ, სწორედ ასეთი სახის პროვოკაციაა. ასეთ შემთხვევაში ყველაზე მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენა საქართველოს მართებს - ეს ნერვების ომია და მოიგებს ის, ვისაც უკეთესი ნერვული სისტემა ექნება".

"საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მიმართ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით გააქტიურდა ევროპა. ამის მაგალითია სოხუმში ვიზიტები ევროპელების მხრიდან. ბაღაფშიც ალაპარაკდა მრავალვექტორულობაზე. აფხაზებისთვის მრავალვექტორულობას მოაქვს ის, რომ მათ ეძლევათ რუსეთთან ვაჭრობის მინიმალური შანსი, აფხაზები უმძიმეს მდგომარეობაში არიან", - აცხადებს ექსპერტი, კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე გაზეთ "მთელი კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით არსებობს თუ არა ომის საფრთხე? / მამუკა არეშიძე: "რუსეთმა დახმარების სანაცვლოდ აფხაზეთი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო".

"რუსეთმა თავისი დახმარების, ეკონომიკური სანქციების მოხსნის საფასურად, ძალიან ბევრი რამ მოსთხოვა აფხაზებს. პირველ რიგში ეს არის მიწის კანონის შეცვლა. აფხაზური კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელს არ შეუძლია მიწის ყიდვა. აფხაზეთის მიწა ძალიან გემრიელი ლუკმაა, რადგან ფაქტობრივად წალკოტია. მიწის გოჯი არ დარჩება, როგორც კი ამ კანონს მიიღებენ... არიან ადამიანები აფხაზეთში, რომლებიც კულუარულად ითხოვენ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს მიწის გაყიდვას. ასეთი კანონი საქართველოს აქვს, მაგრამ იმდენად კრიტიკულ მდგომარეობაში არიან აფხაზები, რომ მოითხოვენ ახლა, ამ ეტაპზე მოხდეს მისი სხვა ფორმით მიღება. ეს არ არის ისეთი ფორმა, რომ ბაღაფში რეკავს აქ, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე ეს ხდება... ოლიმპიადასთან დაკავშირებით 50 ათასი მუშა უნდა განთავსდეს აფხაზეთში. მშენებლობა რომ დასრულდება, ეს 50 ათასი ან წავა და ან არ წავა აფხაზეთიდან. 2000-მდე ტაჯიკი და მოლდოველი მუშაა ახლა იქ და ისინი უკვე ქმნიან დაძაბულობას. აფხაზეთს ეს ყველაფერი უმძიმეს მდგომარეობაში აგდებს. ამ მრავალვექტორობის თემამ მათ სულზე მიუსწრო... ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ეს სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე, ხოლო შეკითხვას - "აფხაზეთში სერიოზულად განიხილავენ ომის დაწყების საფრთხეს... თუ ხედავთ ომის გზით ტერიტორული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას?" - პასუხობს:

"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს მოველაპარაკებით. ამის გარეშე ჩვენ შეიძლება აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, მაგრამ შევაწყდეთ, აფხაზებიც გავწყვიტოთ... ამ წუთში სრული პასუხისგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან ომის საშიშროება საერთოდ არ არსებობს. საქართველოს ხელისუფლებაში გაიმარჯვა იმ ხალხმა, ვინც სამშვიდობო მოლაპარაკებების, კულუარული მოლაპარაკებების მომხრეა. მე ვიცი, პრეზიდენტს ჰყავდა მრჩევლები, რომლებიც ეუბნებოდნენ, მაქსიმალურად გავამწვავოთ სიტუაცია და დასავლეთი ფაქტის წინაშე დავაყენოთო. კიდევ კარგი, მათ არ დაუჯერა. საერთოდ, ომის თემა დღეს არასერიოზულად მეჩვენება. თუმცა აშკარად არის პროვოკაციები და ვხედავ ამ პროვოკაციებზე ქართული მხარის წამოგების ფაქტებსაც... ის მდგომარეობა, რაც კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით დღეს შეიქმნა, საქართველოსთვის მომგებიანია, რადგან ვის რა ინტერესებიც უნდა ამოძრავებდეს, მთავარია, რომ პროცესი დაიძრა და აღარ შეჩერდება".

ლეიბორისტები ოპოზიციის საერთო ლიდერად შალვა ნათელაშვილის დასახელებას ითხოვენ

"2003 წლიდან იგივე ძიძიგური გამოდიოდა და აცხადებდა, რომ ნათელაშვილი შეკრულია ედუარდ შევარდნაძესთან, ამ დროს შევარდნაძემ მასაც და სააკაშვილსაც პირდაპირ ლანგრით მიართვა ხელისუფლება, იგივეს ამბობდნენ, რომ ნათელაშვილი შეკრულია სააკაშვილთან, და ამ დროს, ნოემბრის მოვლენების შემდეგ, ნათელაშვილზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს... შალვა ნათელაშვილმა დაამტკიცა, რომ ის შეუცვლელი ლიდერია და ახალი ლიდერის ძებნა არ არის საჭირო. და თუ ამაზე არ წამოვლენ, მაშინ ვიქნებით ავანტიურისტების ხელში", - აცხადებს ლეიბორისტი გიორგი გუგავა გაზეთ "ქრონიკისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ზვიად ძიძიგურისნაირი პოლიტიკური წარსული რომ გვქონდეს, არათუ პოლიტიკაში დავრჩებოდით, არამედ საზოგადოებაში გამოსვლის შეგვრცხვებოდა!" / ლეიბორისტები ოპოზიციის საერთო ლიდერად შალვა ნათელაშვილის დასახელებას ითხოვენ!

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ პარლამენტში არ შევდივართ! ხომ არ შეიძლება ამაზე მუდმივად საუბარი?! არა და არა! სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი პრინციპების ერთგულები ვართ, ბრძოლითა და თავდადებით გავიარეთ ყველა ეტაპი. თუ უნდათ, კეთილი ინებონ და შალვა ნათელაშვილი აღიარონ ლიდერად, მის გვერდით დადგნენ, ერთად ვებრძოლოთ სააკაშვილს, რომ რეალურად დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ეს არის კაცური რეალობა. ესენი ამის ნაცვლად ლიდერად ბურჯანაძეს ებღაუჭებიან, ანუ ისეთს, რომელსაც გამოწველიან, შემდეგ ჩამოწერენ და გადააგდებენ... ლევან გაჩეჩილაძე, როგორც ვიცი, ჩამოწერეს და მას შიგნით ლიდერად არ ცნობენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გუგავა და შეკითხვას - "თუკი ოპოზიცია საერთო ლიდერად შალვა ნათელაშვილს არ დაასახელებს, მაშინ რას იზამთ?" - პასუხობს:

"მოდით, ასე ვთქვათ, შალვა ნათელაშვილი ეროვნულ საბჭოში რომ პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულიყო, სააკაშვილი ხომ შეიცვლებოდა და მინიმუმ მეორე ტური იქნებოდა? მაგრამ რაზეა საუბარი? კაცს იჭერდნენ და ერთი მხარდასაჭერი განცხადება ვერ გააკეთეს. ჩვენ ვაპირებთ ქვეყნის გასათავისუფლებლად ბრძოლას. სიმართლის გზიდან ჩვენ არასოდეს გადავსულვართ, რის გამოც ბევრი ლანძღვა-გინება მივიღეთ, რომელშიც, სხვათა შორის, ეს ბატონებიც მონაწილეობდნენ... ზოგიერთივით შვებულებაში გასვლას არ ვაპირებთ, დღესაც საბრძოლო მდგომარეობაში ვართ, ამიტომ ვაპირებთ დაუმორჩილებელ და შეურიგებელ ბრძოლას, სანამ ამ ბატონებს ისტორიულ სანაგვეზე არ მოვისვრით. თუკი ჩვენ ეს მისია არ შევასრულეთ, მაშინ ისტორიულ სანაგვეზე ჩვენ თვითონ აღმოჩნდებით".

მოწყენილობის სეზონი ქართულ ტელეეთერში

"აპოლიტიკური მედიაზაფხული შესაძლოა, შემოდგომაზეც გაგრძელდეს. ის, რომ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო გამოშვებებს უკვე მხოლოდ ორი ტელეკომპანია გადასცემს, ცნობილია. მაგრამ საფრთხე, მომავალშიც ასე გაგრძელდეს, ძალიან დიდია. აღარ არის საუბარი პოლიტიკურ ტოკშოუებზე, რომლებიც ქართული ტელესივრციდან ერთიმეორის მიყოლებით გაქრა და სავარაუდოდ, არც ახალი სეზონიდან გამოჩნდება. როგორი იქნება ახალი სატელევიზიო სეზონი და რა ადგილს დაიჭერს მასში პოლიტიკური დებატები, უცნობია. საინფორმაციო პროგრამებისა და ტოკშოუების დახურვის ოფიციალურ მიზეზად ზაფხული და ფინანსების უქონლობა სახელდება, თუმცა საინტერესოა, რა მიზეზი დასახელდება სექტემბრიდან, როდესაც ახალი სატელევიზიო სეზონი გაიხსნება", - წერს გაზეთი "მთელი კვირა" სტატიაში სათაურით აპოლიტიკური სატელევიზიო სეზონის მოლოდინში.

"ქართული მედიის თავისუფლების ხარისხით უკვე დიდი ხანია საერთაშორისო მედიაორგანიზაციები უკმაყოფილო არიან. რამდენიმე დღის წინ "ფრიდომ ჰაუსის" ახალმა ანგარიშმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში მედიათავისუფლების ხარისხი კიდევ გაუარესდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული მედია ახდენს სუსტი სარედაქციო დამოუკიდებლობისა და დაბალი პროფესიული სტანდარტების დემონსტრირებას. ასევე, ხშირად გამოხატავს მფლობელთა პოლიტიკურ ინტერესებს. ქართულ მედიაში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია კიდევ ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი. ამ ორგანიზაციამ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანია "მზემ" საინფორმაციო გამოშვებები შეწყვიტა და ხელისუფლებას მედიის წინაშე აღებული ვალდებულებების დაცვისა და კრიტიკის ატანისკენ მოუწოდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"იმ დროს, როდესაც ქართული ტელეარხებისა თუ სტუდიების უმრავლესობამ, ვინც პოლიტიკური გადაცემების კეთებით იყვნენ დაკავებული, ნებით თუ ძალდატანებით, სექტემბრამდე შვებულება აიღო, კომუნიკაციების ეროვნულ მარეგულირებელ კომისიაში უკვე იმაზე იწყება ფიქრი, თუ რა ტიპის მაუწყებლობაზე გასცემენ ლიცენზიას. სავარაუდოდ, კვლევის ახალი შედეგების მიხედვით პოლიტიკური ხასიათის გადაცემებსა და შესაბამისად, ამ ტიპის გადაცემების მსურველ ტელეარხებზე ლიცენზია აღარ გაიცემა", - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

მოკლედ:

აზერბაიჯანმა აღლუმზე დიდძალი ულტრათანამედროვე ტექნიკა აჩვენა

"მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კავკასიაში დასავლური იარაღის ნიმუშების დიდი რაოდენობით შემოტანის პიონერი ქართული არმია იყო, 26 ივნისს აზერბაიჯანის არმიამ, თავისი შექმნიდან 90-ე წლისთავზე, მართლაც ფურორი მოახდინა. იმ დღეს ბაქოს ცენტრში 4500-მა სამხედრომ ჩაიარა. თბილისში აღლუმზე 3-3,5-ჯერ მეტ სამხედროსაც ჩაუვლია და ეს არც გვიკვირს, მაგრამ განსაცვიფრებელი საბრძოლო ტექნიკისა და მათი ახალი სახეობების სიუხვე გახლდათ", - წერს გაზეთი "კვირის პალიტრა" სტატიაში სათაურით აზერბაიჯანმა გაძლიერებული არმია წარმოადგინა / პირველად, ამ 16 წლის განმავლობაში, ბაქოს ცენტრში გაიმართა დიდი აღლუმი, რომელზეც აზერბაიჯანის არმიამ ახალშეძენილი ულტრათანამედროვე დასავლური საბრძოლო ტექნიკა აჩვენა...

"აღლუმზე ჩაიარა 210-მა ერთეულმა ტანკმა, საარტილერიო დანადგარმა, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმა, გადაიფრინა 19-მა შვეულმფრენმა და 25-მა თვითმფრინავმა, ხოლო ბაქოს სანაპიროსთან გამოჩნდა სხვადასხვა კლასისა და ტიპის 30 სამხედრო ხომალდი და კატარღა. ის, რომ აზერბაიჯანს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - "გრადები" ჰქონდა, ყველამ კარგად იცოდა, მაგრამ აღლუმზე პირველად აჩვენეს "გრადის" უფროსი ძმებიც - "ურაგანი" და "სმერჩი". მეტიც, გამოჩნდა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების კომპლექსები - "ტოჩკა-უ", რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის არტილერიას შეუძლია თანამიმდევრობით მიაყენოს სარაკეტო დარტყმები 21 ("გრადი"), 35 ("ურაგანი"), 70 ("სმერჩი") და 120 კილომეტრზე ("ტოჩკა-უ"). ბაქოში ასევე გამოიყვანეს ოთხღერძიანი "კამაზების" ბაზაზე დამონტაჟებული ებრაული წარმოების Lar-160-ები, რომლის 160 მმ-იანი კალიბრის რაკეტები 45 კმ-ზე მიფრინავს. Lar-160-ის გარდა, აღლუმზე გამოიყვანეს ასევე "კამაზის" ძარაზე დამონტაჟებული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (ერთ მანქანაზე ოთხი რაკეტაა), რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ებრაული წარმოებისაა, ოღონდ Lar-160-ის რაკეტებზე უფრო მსხვილი კალიბრის (300 მმ-მდე) რაკეტები აქვს და, შესაბამისად, უფრო შორსაც მიფრინავს", - აღნიშნავს გამოცემა.

"აღლუმზე გამოჩნდნენ აზერბაიჯანული არმიის სპეცდანიშნულების რაზმებიც, რომლებსაც უცნაური კამუფლირებული ფორმა ეცვათ და სახეც რატომღაც ცისფრად ჰქონდათ დახატული. ხელში ასევე ებრაული წარმოების ავტომატური შაშხანები "ტავორ-21"-ები ეჭირათ (საქართველოს შინაგანმა ჯარმა პირველი ებრაული "ტავორები" 2004 წელს მიიღო). ამ რაოდენობის ებრაული წარმოების სამხედრო ტექნიკის ჩვენება მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ აზერბაიჯანს საუკეთესო პარტნიორული ურთიერთობა აქვს ისრაელის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და მისი დახმარებით (და, რა თქმა უნდა, "ნავთობდოლარებით") სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შეიარაღება შემოაქვს თავისი არმიის აღსაჭურვად. გარდა ისრაელისა, ბაქოს ძალზე მჭიდრო ურთიერთობა აქვს უკრაინასთან, რომლისგან ბოლო წლებსა და თვეებში შეიძინა მიგ-29 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები "ურაგანი" და "სმერჩი", შორმსროლელი მსხვილკალიბრიანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარები: "პიონი", ასევე "აკაცია" და "გვოზდიკა", - წერს გამოცემა.

"არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზერბაიჯანის არმიის არაერთი დანაყოფი ინტენსიურ საბრძოლო მომზადებას გადის თურქეთის ტერიტორიაზე, მათ თურქი სამხედრო ინსტრუქტორები აზერბაიჯანშიც ამზადებენ. ძირითადად ამ სამი ქვეყნის - თურქეთის, უკრაინისა და ისრაელის სამხედრო-ტექნიკური დახმარების ხარჯზე დღეისთვის აზერბაიჯანის არმია რეგიონში ყველაზე კარგად და ხარისხიანადაა შეიარაღებული, რაც ჩვენს რეგიონში შეიძლება ახალი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების საფუძველიც გახდეს, რადგან აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ადრე თუ გვიან ძალისმიერი გზით დაიწყებს", - მიიჩნევს სტატიის ავტორი

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!