საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი საერთაშორისო ნარკორეალიზატორი დააკავა.
ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქართველოში დაბადებული ნუგზარ ბოჭორიშვილი, რომელიც საბერძნეთის მოქალაქეა და ესპანეთში ცხოვრობს, პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან მათ რეგულარულად უგზავნიდა ჯართს, სადაც "კოკაინის" დიდი პარტიები იყო გადამალული, საერთაშორისო ბაზრებზე შემდგომი გადანაწილების მიზნით.
2009 წლის ივლისში ჯართის მორიგი პარტია ჩამოვიდა, რომელშიც 90კგ კოკაინი იყო გადამალული. ტვირთი ფოთიდან ბოჭორიშვილის დის ქმართან - მევლუდ სვანიძესთან ქუთაისში გადაიტანეს. კოკაინი სვანიძის სახლში გადამალეს.
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, ნარკოტიკები, რეალიზაციის მიზნით, ბოჭორიშვილის დავალებით თურქეთში გიორგი ჩეჩელაშვილმა და მისმა მეგობრებმა გადაიტანეს. მათ დაპირებული 10 000 დოლარი გადაუხადეს. მათ კრიმინალებს სთხოვეს დახმარება, რათა ბოჭორიშვილს დაპირებული თანხა გადაეხადა. იმ დღეს ბოჭორიშვილი საქართველოში იმყოფებოდა; დაიბარეს კრიმინალებმა და 250 000 დოლარის მიტანა მოსთხოვეს. საქართველოში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს თენგიზ გურჩიანს დაუკავშირდა ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი, ბოჭორიშვილის დაცვის მიზნით. გურჩიანი, ბოჭორიშვილის დაშინების მოსურნე კრიმინალებს შეხვდა და ბოჭორიშვილზე ზეწოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
მოგვიანებით, ბოჭორიშვილმა პირადად დაურეკა გურჩიანს და მადლობა გადაუხადა. ჯგუფმა კურიერის - თურქეთში ნარკოტიკების გადამტანის ლიკვიდაცია გადაწყვიტა. ბოჭორიშვილი დაუკავშირდა ანასტასია ზაუტაშვილს და ქილერის საკონტაქტო ინფორმაცია მისცა, რომლისთვისაც ზაუტაშვილს კურიერის მკვლელობა უნდა შეეკვეთა.
ჩხრეკისას მევლუდ სვანიძის ეზოდან ამოიღეს მიწაში დამარხული, დაახლოებით, 1 700 000 ევრო, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანბით მიეწოდება.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულებს სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"