რატომ გადადგა უნივერსიტეტის რექტორობიდან გია ხუბუა... "ხუბუამ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა უნივერსიტეტის რექტორობისთვის სააკაშვილს სხვა მოუვიდა თვალში" - აკადემიკოსი თენგიზ სანაძე.
სამი ციხის უფროსი მოხსნეს - "სისტემაში კვლავ ახალაიების კლანი დაწინაურდა"?!
კონსტიტუციის პროექტის განხილვა: "სახელმწიფო მართვის გაცილებით უკეთესი სისტემა მივიღეთ. დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებაც არ შეიძლება, რადგან აბსოლუტურად დაბალანსებულია ყველა ინსტიტუტი" - გურამ ჩახვაძე
* * *
რატომ გადადგა უნივერსიტეტის რექტორობიდან გია ხუბუა... "ხუბუამ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა უნივერსიტეტის რექტორობისთვის სააკაშვილს სხვა მოუვიდა თვალში" - აკადემიკოსი თენგიზ სანაძე.
"სააკაშვილისა და მისი რეფორმატორი გუნდის მიერ ნაქები განათლების რეფორმა კრახით დასრულდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კი, სადაც სააკაშვილმა და მისმა ე.წ. შავრაზმელებმა პროფესურის სრული ჩარეცხვა მოახდინეს, რექტორის გარეშე დარჩა", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ხუბუამ თანამდებობა დატოვა.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირადად სააკაშვილისა და "თავისუფლების ინსტიტუტის" მხრიდან მხარდაჭერილი გიორგი ხუბუა არაერთხელ გახდა სერიოზული კრიტიკის ობიექტი უნივერსიტეტში დამანგრეველი რეფორმის გატარებისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ბარბაროსულ ნაბიჯზე, რაც ხუბუამ უნივერსიტეტის პროფესურის მიმართ განახორციელა, როცა XXI საუკუნეში ქვეყნის წამყვანი პროფესურა ერთ აუდიტორიაში გამოკეტა და წყლის მიღების საშუალებაც არ მისცა. სამართლის სრული პროფესორი ხუბუა, როგორც ჩანს, მთლად სამართლიანი მენეჯერი არ ყოფილა. მისი რექტორობის პერიოდში არაერთი სისხლის სამართლეს საქმე აღიძრა და უნივერსიტეტის თანამშრომელთა მხრიდან არაერთი სარჩელი შევიდა სასამართლში არასამართლიანი დამოკიდებულების გამო. მაინც რა ხდებოდა წლების განმავლობაში - ამ საკმაოდ მრავალრიცხოვანი სიის ზუსტი ჩამონათვალი კონტროლის პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის მასალებშია. ამ ეტაპისთვის კი საჯარო მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდი გახდა", - აღნიშნავს გამოცემა."მან ოჯახისა და მეუღლის ახლობლებით დააკომპლექტა უნივერსიტეტის კადრები. ჩარეცხილი პროფესურის ადგილას კი არა მხოლოდ სოხუმის უნივერსიტეტიდან მოიყვანა ხალხი, არამედ ადგილი თურმე ხუბუას ბავშვის ძიძისთვისაც გამოთავისუფლდა. შემდგომი შეტევა ხუბუას წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც გახმაურდა იმ სტუდენტებისთვის საგამოცდო ნიშნების დაწერა, რომლებიც გამოცდების პერიოდში არათუ გამოცდაზე, საერთოდ ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ და უცხოეთის სხვადასხვა სასწავლებლებში სწავლობდნენ. შემდგომში უნივერსისტეტის წინააღმდეგ ინფორმაციები გაჩნდა იმის თაობაზე, რომ რემონტისთვის გამოყოფილი თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამას მოჰყვა უნივერსიტეტიდან დენის კაბელების დაკარგვა და ამაზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა", - დასძენს გამოცემა.
"პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია უნივერსიტეტის საკმაოდ მნიშვნელოვანი წიგნთსაცავიდან უნიკალური, XVIII საუკუნის წიგნების დაკარგვის თაობაზე. გამოძიებამ ფაქტთან დაკავშირებითაც დაიწყო და როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, სამართალდამცავ ორგანოებს თავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მიმართა წიგნების დაკარგვის ფაქტის გამო. აღნიშნულის მიუხედავად, ფაქტია, ხუბუა ხელისუფლებისთვის მისაღებად რჩებოდა და მის მოხსნაზე "თავისუფლების ინსტიტუტი" არ ფიქრობდა, მაგრამ ვითარება და პოზიციები იცვლება სახელისუფლებო გუნდშიც და ხუბუამაც მხარდაჭერის დაკარგვა იგრძნო. მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის თანამშრომლები, ბიბლიოთეკის დირექტორი დაკარგული წიგნების საქმესთან დაკავშირებით დააპატიმრეს, მოულოდნელად აკადემიური საბჭოს სხდომა დანიშნა. სხდომამ დააკმაყოფილა რექტორის განცხადება თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით - საბჭო წინააღმდეგი იყო განცხადების დაკმაყოფილებისა, მაგრამ, ხუბუას თქმით, ის ვეღარ შეძლებდა მუშაობის გაგრძელებას", - წერს სტატიის ავტორი.
"ჩანს, ხუბუამ ბოლომდე გაითავისა მის წინააღმდეგ დაგროვილი მასალების მთელი სიმძიმე და ის, რომ დიდხანს ილაპარაკებდნენ მის მიერ 7300-ლარიანი ხელფასის დანიშვნაზე, რაც, როგორც ირკვევა, ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ორი წლის წინ აგვისტოს ომი დაიწყო. რექტორის არჩევნები წლეულს ნოემბერში გაიმართება, მანამდე კი რექტორის მოვალეობას გიორგი ხუბუას მოადგილე შეასრულებს. ვინ იქნება უნივერსიტეტის ახალი რექტორი, ამ დროისთვის გამოკვეთილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ითქვა, თითქოს ხელისუფლებას ხუბუას ადგილას ილიას უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძის დანიშვნა უნდა, კანდიდატურა საბოლოოდ გამოკვეთილი არ არის. არაერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მიანიშნებს, რომ წინააღმდეგი თავად თევზაძე შეიძლება იყოს, რადგან შეიძლება არ აწყობდეს გახმაურება იმ ფინანსების შესახებ, რომლებსაც ილიას უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა განკარგავს და რომელთა სამართლიანად ხარჯვაც დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს", - დასძენს სტატიის ავტორი.
"თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ურექტოროდაა, თავად თსუ-ში გია ხუბუას გადადგომის რეალურ მიზეზებზე არ საუბრობენ. უნივერსიტეტის პროფესურა კი "რეზონანსთან" საუბრისას ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავს, რომ ხუბუას "მისია" მმართველმა ძალამ უკვე შეასრულებინა და თანამდებობის სკამიც დააცლევინა. თავად გადამდგარი რექტორი აღნიშნულის შესახებ განცხადებას აკეთებს და არა კომენტარს", - წერს გამოცემა სტატიაში სათაურით ხუბუამ რექტორობა დატოვა / პროფესურას არ სჯერა, რომ ეს "წიგნების სკანდალს" უკავშირდება.
"ის, რომ ხუბუა თანამდებობიდან წიგნების დაკარგვის გამო წავიდა, რასაკვირველია, არ არის მთლად სწორი. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან წიგნები არაერთხელ დაკარგულა, მაგრამ ამის გამო არავინ მოუხსნიათ, არავინ დაუჭერიათ და არავინ გადაუყენებიათ. მიმაჩნია, რომ ხუბუა ამის გამო კი არ გადადგა, არამედ გაცილებით სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს, რომელიც საზოგადოებამ არ ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რომ ხუბუამ გასაკეთებელი უკვე გააკეთა და ახლა უნივერსიტეტის რექტორობისთვის სააკაშვილს სხვა მოუვიდა თვალში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არასამთავროო ორგანიზაცია "სოლიდარობა განათლებული საქართველოსთვის" გამგეობის თავმჯდომარე აკადემიკოსი თენგიზ სანაძე."გადადგომას არა უშავს, კაცს დაჭერასაც კი უპირებენ! მართლა წიგნების დაკარგვის გამო ატყდა სკანდალი და ამიტომაც გადადგა ხუბუა თუ სხვა მიზეზის გამო, ვერ გეტყვით. წიგნებია კი არა, უნივერსიტეტია დაკარგული. წიგნები რომ დაიკარგა, ცუდია, მაგრამ უნივერსიტეტი რომ დანგრეულია, ესაა ყველაზე დიდი კატასტროფა და მთავარი დანაშაული. არ მინდა წაქცეულ კაცზე ცუდის თქმა, მაგრამ ფაქტია, ხუბუას გააკეთებინეს შავი საქმე და მოიშორეს. მან ლომაიას დაუჯერა და დააქცია უნივერსიტეტი. ახლა პატარა რაღაც მოუგონეს და უნივერსიტეტი დაატოვებინეს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პროფესორი ჯემალ მებონია.
სამი ციხის უფროსი მოხსნეს - "სისტემაში კვლავ ახალაიების კლანი დაწინაურდა"?!
"გლდანის N8 საპყრობილის დირექტორი თამაზ მელაძე, სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი გიორგი ბუთლიაშვილი, ქსნის დაწესებულების დირექტორი არაქელოვი და რუსთავის N1 მკაცრი რეჟიმის კოლონიის ხელმძღვანელი გოგა კიკნაველიძე თანამდებობიდან 6 აგვისტოს გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულებისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრესცენტრი ირწმუნება, რომ ისინი არა რამე კონკრეტული დარღვევის გამო, არამედ ზოგადად სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებების ფარგლებში გადააყენეს. გათავისუფლებული მოხელეები სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით 3 ციხის უფროსი მოხსნეს / "სისტემაში კვლავ ახალაიებისკლანი დაწინაურდა".
"ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ცვლილებები შიდაკლანური დაპირისპირების შედეგია, რითაც ამ ეტაპზე ციხეთა სისტემაში კვლავ ახალაიების კლანი დაწინაურდა. მისი თქმით, თამაზ მელაძე ალექსანდრე მუხაძემ შეცვალა, რომელიც თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას ძველი თანამებრძოლია - სანამ ახალაიას თავდაცვის მინისტრად გადაიყვანდნენ, მუხაძე ე.წ. რეზბალნიცის დირექტორი იყო. "ახლა ეს კაცი დააბრუნეს და თან ერთდროულად ორი დაწესებულების ხელმძღვანელობა ჩააბარეს", - აღნიშავს გელა ნიკოლაიშვილი. მისივე თქმით, ციხეებში და მით უმეტეს, მერვე საპყრობილეში, პატიმართა წამება დანერგილი პრაქტიკაა და ამას როგორც პატიმრები, ასევე ადვოკატები და პატიმართა ოჯახის წევრები ადასტურებენ", - აღნიშნავს გამოცემა."გლდანის მერვე საპყრობილის დირექტორი თამაზ მელაძე პოსტიდან პატიმრის თვითმკვლელობის გამო გადააყენეს. ამის შესახებ ერთ-ერთმა მოქმედმა ადვოკატმა განაცხადა - მისივე მტკიცებით, უშუალოდ მელაძის ბრძანებით 26 წლის პატიმარს უმოწყალოდ სცემეს, ოდნავ მოგვიანებით კი მან საკანში თავი ჩამოიხრჩო. ამასთან, ადვოკატის ინფორმაცით, ხათუნა კალმახელიძის უწყება ფაქტის გახმაურებას მოერიდა და მელაძის თანამდებობიდან გათავისუფლება ამჯობინა. ამ ინფორმაციას კალმახელიძის უწყებაში არ ადასტურებენ", - დასძენს გამოცემა.
"ვინაიდან ციხეში ვმუშაობდი, კონტაქტები ჯერ კიდევ მაქვს. ყველა ციხეში ერთი-ორად მოიმატა პატიმრების ცემის ფაქტებმა. განსაკუთრებული სისატიკით გამოირჩეოდა გლდანის N8 ციხე, რომლის დირექტორი იყო მელაძე. ეს იყო საამაყო საპყრობილე სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ იქ ხალხი მართლა დატერორებული იყო და ამის სულისჩამდგმელი იყო მელაძე. მას კარგად ვიცნობდი და გული მწყდება, რომ მასზე ლეგენდები დადიოდა, როგორც ყველაზე სასტიკ ადამიანზე, რომელის ყველაზე უფრო დაუნდობლად უსწორდებოდა პატიმრებს. არსებობს მისაზრება, რომ ვიღაც შემოაკვდა, მაგრამ ამას მტკიცებულება სჭირდება", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი.
კონსტიტუციის პროექტის განხილვა: "სახელმწიფო მართვის გაცილებით უკეთესი სისტემა მივიღეთ. დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებაც არ შეიძლება, რადგან აბსოლუტურად დაბალანსებულია ყველა ინსტიტუტი" - გურამ ჩახვაძე
"საყოველთაო-საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე გუშინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე ცვლილებების განხილვაში საზოგადოების ფართო მონაწილეობას მიესალმება, თუმცა მიაჩნია, რომ პროექტის განხილვა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს", - წერს გაზეთი "24 საათი" სტატიაში სათაურით საკონსტიტუციო პროექტის განხილვა.
"ცვლილებების პროექტის შესახებ საყოველთაო-საჯარო ფორმატში მსჯელობა, დაახლოებით ორი კვირაა მიმდინარეობს. "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი გურამ ჩახვაძე (იგი კომისიაშია გაერთიანებული), გუშინდელი შეხვედრის გარდა, ილიას უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში გამართულ განხილვებში მონაწილეობდა. როგორც ჩახვაძე შენიშნავს, კომისიის წევრები შეხვედრების დროს, ძირითადად, განმარტებებს აკეთებენ, თუმცა აკადემიური წრის წარმომადგენლები კითხვებითაც მიმართავენ და წინადადებებსაც სთავაზობენ", - აღნიშნავს გამოცემა."როგორც იცით, კონსტიტუციის მიხედით მთავარსარდალი არის პრეზიდენტი. იგი ნიშნავს გაერთიანეული შტაბის უფროსს, მაგრამ თავდაცვის მინისტრი მთავრობის შემადგენლობაში შედის. დავით აფრასიძემ საინტერესო შეკითხვა დასვა - როგორ ხდება ამ ფუნქციების გადანაწილება საომარი ან საგანგებო მდომარეობის დროს და როგორ იქნება დაცული სუბორდინაცია. ყველამ აღვნიშნეთ, რომ ამაზე აუცილებელია ფიქრი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გურამ ჩახვაძე. მისი აზრით, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა კარგი პროცესია", - დასძენს გამოცემა.
"სახელმწიფო მართვის გაცილებით უკეთესი სისტემა მივიღეთ. დღეს მოქმედ სისტემასთან შედარებაც არ შეიძლება, რადგან პროექტში აბსოლუტურად დაბალანსებულია ყველა ინსტიტუტი, იქნება ეს მთავრობა, პრეზიდენტი თუ პარლამენტი. მათ თავიანთი გამოკვეთილი ფუნქციები აქვთ. ეს არის კლასიკური მოდელი, რომელიც ბევრ ქვეყანაში მუშაობს", - განმარტავს გურამ ჩახვაძე.
"საპარლამენტო ოპოზიცის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე გუშინ ბათუმში დამოუკიდებლად მსჯელობდნენ. ისინი პროექტის შესახებ ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებას შეეცდებიან. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე შენიშნავს, უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები პარლამენტში შესული საკონსტიტუციო ცვლილებების საბაზისო პროექტის გარდა. სხვა საკითხებსაც განიხილავენ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანის მაღალი ტარიფების თემა, ასევე დასაქმების, უფრო სწორად დაუსაქმებლობის პოლიტიკა, რაც ქვეყანაში მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემებს აჩენს. გვინდა, ყველა ინიციატივა შევაჯეროთ და კოორდინირებულად ვიმოქმედოთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი თარგამაძე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"