12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 1837 წლის 9 ნოემბერს კახეთში, სოფელ ყვარელში დაიბადა .
პირველდაწყებითი განათლება მან ოჯახში მიიღო. რვა წლის ილია ყვარლის მთავარდიაკონ ნიკოლოზ სეფაშვილს მიაბარეს, რომელთანაც გატარებულმა სამმა წელმა ილიაზე წარუშლელი კვალი დატოვა.
ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი კეთილშობილთა გიმნაზიაში გააგრძელა. 1857 წელს ილია პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ილია ძალიან ბევრს კითხულობდა, თუმცა, სწავლა მან მეოთხე კურსიდან მიატოვა, რადგან იურიდიული განათლების ოფიციალური მოწმობა მას არ აინტერესებდა და 1861 წელს საქართველოში დაბრუნდა.
იმ დროინდელ საქართველოში არ არსებობდა საქმე, რომელშიც ილია არ მონაწილეობდა. მან დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ძველ ქართულ ხელნაწერთა და სიძველეთა საცავი, საფუძველი დაუდო ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშთა შეგროვებას. ის იყო ერთ-ერთი ინიციატორი ქართული საადგილმამულო ბანკის დაარსებისა. აქტიურდ იბრძოდა სკოლებში ქართული ენის შესანარჩუნებლად.
ილია ჭავჭავაძისთვის უმთავრესი სამი რამ იყო: ენა, მამული, სარწმუნეობა და ამ სამი სიწმინდის დაცვას მთელი თავისი ცხოვრება შეალია. იგი ასევე მეთაურობდა საზოგადო მოღვაწეთა ჯგუფს, რომელმაც კავკასიის მეფისნაცვალს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთვის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა.
ეკლესიისა და ყოველგვარი ეროვნულობის წინააღმდეგ მებრძოლებს ილიას მოღვაწეობა აღიზიანებდა. 1907 წლის 30 აგვისტოს მას თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ გზაზე, წიწამურის ტყესთან, ესროლეს.
კავკასიის სამხედრო სასამართლომ ილიას მკვლელებს ჩამოხრჩობა მიუსაჯა. ილიას ქვრივმა ოლღა გურამიშვილმა კი თბილისის გენერალ-გუბერნატორს მკვლელების შეწყნარების თხოვნით მიმართა.
ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას `წმინდა ილია მართალი~ უწოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"