მართლმადიდებლური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალის მთავარ კონკურსში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "მშობლიური ქვეყანა" მონაწილეობს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივიდან აცნობეს, ფილმი საქართველოში უკრაინული ეროვნების წარმომადგენლების ჩამოსვლის ისტორიულ მოვლენებს და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ორსაუკუნოვან მატიანეს ასახავს.
ფილმში მოთხრობილია სამცხე–ჯავახეთში კომპაქტურად დასახლებულ, ასევე, საქართველოს სხვადასხვა რაიონსა და თბილისში მცხოვრები უკრაინელების ცხოვრების ისტორია, ორი ერის ურთიერთობების პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და რელიგიური ასპექტები.
ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ისტორიული და აუდიო–ვიზუალური დოკუმენტების გამოყენებით, უკრაინული დიასპორის კულტურულ –საგანმანათლებლო ცენტრ `დნეპრისა~ და მისი პრეზიდენტის ბორის სინიუკის თანადგომით, ასევე, საქართველოში უკრაინის საელჩოს კონსულტაციებით.
ფესტივალი, სახელწოდებით "პოკროვი", უკრაინის დედაქალაქ კიევში დღეს გაიხსნა და 10 ოქტომბრამდე გასტანს.
ფესტივალს ფილმის რეჟისორი გიორგი კაკაბაძე ესწრება.
საქართველოს ეროვნული არქივისა და რეჟისორ გიორგი კაკაბაძის თანამშრომლობით გადაღებულმა პირველმა ფილმმა `საბჭოთა საქართველო~ შარშან კიევში გამართულ ამავე ფესტივალზე ისტორიული მოვლენების საუკეთესო გაშუქებისათვის დიპლომი მიიღო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"