რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის უილიამ ჰეიგმის განცხადება მსოფლიო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების მხარდამჭერი განცხადებაა.
როგორც თემურ იაკობაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ერთ სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ დაარღვიოს ხელშეკრულებები, შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში და დაიპყროს მისი ტერიტორიები.
"ეს არის მსოფლიოს კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ნორმების მხარდამჭერი განცხადება, რომ ერთ ქვეყანას არ შეეძლოს ჯერ ხელი მოაწეროს ხელშეკრულებას და მერე აღარ შეასრულოს ან შევარდეს მეზობელ ქვეყანაში, დაიპყროს მისი ტერიტორიები და მერე ეს ტერიტორია გამოაცხადოს რაიმე უცნაურ სახელმწიფოდ", _ განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა რუსეთს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. ჰეიგმა შესაბამისი განცხადება მოსკოვში ვიზიტის დროს, გაზეთ "ნოვაია გაზეტასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"იმედი გვაქვს, რუსეთი მთლიანად შეასრულებს საქართველოსთან დაკავშირებით დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის შეთანხმებას. ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებში რუსეთმა აქტიური, კონსტრუქციული როლი შეასრულოს", - აღნიშნა ჰეიგმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"