"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" პოლიტიკური მდივნის გოგა გოგნიაშვილის განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კოდექსის განხილვას კვლავ აჭიანურებს.
ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღიშნული. გოგნიაშვილის თქმით, დღეს დაგეგმილი კონსულტაციების გაურკვეველი ვადით გადადება ამის ნათელი მაგალითია.
მისივე განცხადებით, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" მზად იყო, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული წინადადებების გასაჟღერებლად და კონსულტაციების გასაგრძელებლად როგორც ხელისუფლების, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან, თუმცა, ახალი კოდექსის განხილვა ისე გადაიდო, რომ მიზეზი არ დასახელებულა.
"ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს კოდექსის პროექტის განხილვის გაჭიანურების პროცესი და პარტიებს შორის დიალოგი აქტიურ ფაზაში გადაიყვანოს. სწორედ ამას ითხოვენ ჩვენგან საერთაშორისო ორგანიზაციების წრმომადგენლები, მათ შორის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში პოლიტიკური ფონი კიდევ უფრო დაიძაბება, ხოლო ქვეყანა მოახლოებულ არჩევნებს მოუმზადებელი შეხვდება, რაც ხელს მხოლოდ დესტრუქციულ ძალებს აძლევს", - აცხადებს გოგა გოგნიაშვილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"