ერთიანი ეროვნული გამოცდების, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტები ხვალ, 11:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასერეს ტერმინალიდან პოლიციის შენობებისკენ დაიძვრება.
ტესტები თბილისისა და რეგიონების მთავარ სამმართველოებში განთავსდება. 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ტესტები კონფიდენციალური დოკუმენტაციის ბეჭდვაში აღიარებულმა ავტორიტეტმა, ბრიტანულმა კომპანია "სტივენ ოსტინმა" დაბეჭდა (Stephen Austin (www.stephenaustin.co.uk). 1768 წელს დაფუძნებული კომპანია "სტივენ ოსტინი" დღეისათვის მსოფლიოს 4 კონტინენტზე 20 ქვეყნის საგამოცდო ცენტრსა და განათლების სამინისტროს ემსახურება.
ტესტების შეფუთვისა და ტრანსპორტირებისას დაცული იქნა უსაფრთხოების ყველა ზომა – საგამოცდო ტესტები მოთავსდა სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტებში, რომელთა გახსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია. პაკეტები ჩაწყობილია ყუთებში და დალუქულია. დალუქული და პალეტებზე განთავსებული ყუთები განთავსდა კონტეინერში, რომელსაც სამი სხვადასხვა ტიპის ლუქი დაედო.
საგამოცდო ცენტრებს ტესტები უშუალოდ გამოცდის დღეს მიეწოდება. დალუქული ყუთების ტრანსპორტირება უშიშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანხლებით მოხდება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"