გიორგი აბდალაძე დარწმუნებულია, რომ მისი და მისი კოლეგების დაკავება 26 მაისის დარბევის ფოტოებს უკავშირდება, - ამის შესახებ ფოტორეპორტიორი "კვირის ქრონიკაში" გამოქვეყნებულ წერილში წერს .
"26 მაისს ჩვენ გადავიღეთ ფოტოები, რომლებშიც კარგად ჩანდა, როგორ გაუსწორდით საკუთარ მოსახლეობას, ჩემი ორი კადრი "ასოშეითედ პრესის" ვებგვერდზე დაიდო, საიდანაც ევროპისა და ამერიკის არაერთ გაზეთსა და ჟურნალში დაიბეჭდა. ასევე, სკანდალური ფოტოები გადაიღეს და გაავრცელეს ზურა ქურციკიძემ, შაჰ აივაზოვმა, "ფრანს პრესისა" და "როიტერის" ფოტორეპორტიორებმა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე კარგი კადრები ირაკლი გედენიძეს ჰქონდა. ის სპეცრაზმელებთან ერთად მოვიდა აქციის დარბევის დროს. ფოტორეპორტიორებიდან ყველაზე საუკეთესო პირობებში იყო, რადგან პოლიციელებმა იცოდნენ, რომ პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი იყო და ხელს არ უშლიდნენ. ირაკლიმ გადაიღო კადრი, სადაც ჩანს სპეცრაზმელების მიერ მოკლული ადამიანი. მერე ეს ფოტო ზურაბ ქურციკიძეს მიჰყიდა, რომელმაც ევროპის ფოტოსააგენტოს მეშვეობით გაავრცელა. ამ კადრს ავტორი არ ეწერა, მაგრამ ყველა ფოტორეპორტიორმა იცოდა, რომ ირაკლის გადაღებული იყო. როგორც ჩანს, სააკაშვილმა გაიგო, ირაკლიმ ამ დარბევის ფოტოები საერთაშორისო პრესაში რომ გაავრცელა და არ აპატია", - წერს აბდალაძე.
მისივე თქმით, "როიტერისა" და "ფრანს პრესის" ფოტორეპორტიორებს ვერ შეეხნენ, რადგან მათ საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობები აქვთ და მათი დაკავება საერთაშორისო სკანდალს გამოიწვევდა.
აბდალაძეს უსაფუძვლოდ მიაჩნია ეჭვი, რომლის მიხედვითაც, მათი დაკავება მათ მიერვე გადაღებულ რომელიმე მაღალჩინოსნის პიკანტურ ფოტოს უკავშირდება.
"მე ასეთი ფოტო არასოდეს გადამიღია. თუ ჩემს ფოტოობიექტივში შემთხვევით მოხვედრილა რაიმე მსგავსი, მაშინვე ვშლიდი, გავრცელებას რომ თავი დავანებოთ, არავის ვაჩვენებდი. მე არასოდეს ვიქექებოდი სხვის პირად ცხოვრებაში",- წერს აბდალაძე.
შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ფოტოკორესპონდენტები - ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტორეპორტიორი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი) რამდენიმე დღის წინ დააკავა.
ირაკლი გედენიძეს, ზურაბ ქურციკიძესა და გიორგი აბდალაძეს ბრალად ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება. მათ სასამართლომ წინასწარი დაპატიმრება შეუფარდა. ნათია გედენიძე კი 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ბრალდება 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეს გრიფი "საიდუმლო" დაედო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"