საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ბათუმში Cisco-ს პირველი ქსელური აკადემია გაიხსნება.
ღონისძიებას დაესწრებიან გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე და ფინეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრი ოლავი სალო.
საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა განცხადებით, Cisco-ს ქსელური აკადემია ბათუმის პროფესიული კოლეჯის ბაზაზე დაფუძნდა. აკადემია დისტანციურ სწავლებას, ინტერაქტიულ საშუალებებს და პრაქტიკულ სამუშაოებს უზრუნველყოფს, რის საფუძველზეც სტუდენტები მიიღებენ მაღალპროფესიულ ცოდნას და უნარ-ჩვევებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.
Cisco-ს ქსელური აკადემია ინოვაციური საერთაშორისო სასწავლო პროგრამაა, რომელიც კომპიუტერული ქსელების დაპროექტებას, აგებასა და უზრუნველყოფას ასწავლის. 21-ე საუკუნის მზარდი მოთხოვნების გათვალისწენებით, Cisco-ს ქსელური აკადემია კარიერული ზრდისათვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსაც აწვდის სტუდენტებს. აკადემიაში მიღებული ცოდნა თანამედროვე ეკონომიკისა და წარმოების პრაქტიკულად ნებისმიერი სფეროში გამოიყენება.
Cisco-ს ქსელური აკადემია წარმატებით მუშაობს მსოფლიოს 165 ქვეყანაში. იგი მილიონამდე სტუდენტს და 20 ათას სერტიფიცირებულ ინსტრუქტორს აერთიანებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"