გურიაში, სოფელ ლესასთან მომხდარ ავტოავარიაში შესაძლოა მეოთხე სატრანსპორტო საშუალებაც ფიგურირებდეს, რომელიც, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ავარიაში სამგზავრო ავტობუსის, სამარშუტო ტაქსისა და მსუბუქი ავტომანქანის გარდა, ფიგურირებს კიდევ ერთი სატრანსპორტო საშუალება, სავარაუდოდ, ტრაქტორი და მისაბმელი, რომელსაც შეშა გადაჰქონდა. მორის დაცურებამ კი, ავტოავარია გამოიწვია. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის ავარიის დროს დაზარალებული სამი ადამიანი რჩება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი გოგუაძემ განუცხადა, მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.
ლანჩხუთის საავადმყოფოში კი აღნიშნეს, რომ დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის, საპატრულო ეკიპაჟმა დასაკითხად გადაიყვანა თურქული კომპანიის ავტობუსის მძღოლი ისმაელ ჰაკი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმებმა დამაკმაყოფილებლად შეაფასეს. სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელმაც იცის, თუ რამ გამოიწვია ავარია.
გუშინ საღამოს, თურქეთიდან თბილისისკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა მიკროავტობუსს, რომელიც თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა. ავტოავარიას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 25-მდე კი დაშავდა. დაშავებულები ბათუმის, ფოთისა და ქობულეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ოთხი ადამიანი, რომლებიც პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის, ფოთის კლინიკურ საავადმყოფოში იყვნენ გადაყვანილი, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სახლში გაწერეს. ოთხივე დაშავებული თურქეთის მოქალაქეა და ერთი ოჯახის წევრები არიან. ავარიის დროს ისინი "ფორდის" მარკის მსუბუქი ავტომანქანით მგზავრობდნენ. საჭეს თურქეთის მოქალაქე იუნიუს კუტარი მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლე და 14 და 6 წლის შვილები იმყოფებოდნენ. იუნიუს კუტარი გორიდან თურქეთის ქალას ჩანაკალში მიდიოდა. 14 წლის ბუსრიკ კუტარის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, თუმცა, მოგვიანებით სტაბილური გახდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"