სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი ნადარეიშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა, დღეს, ხაშურში საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები გახსნეს.
შიდა ქართლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახლები დეინსტიტუციონალიზაციის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაციის USAID და გაერო-ს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მხარდაჭერით ახორციელებს.
მცირე საოჯახო ტიპის სახლებში 6-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული 20–მდე ბავშვი იცხოვრებს. ბავშვებისთვის შექმნილია ოჯახური ატმოსფერო. აქ მათზე დედობილი და მამობილი ზრუნავენ. ბავშვები ძმებთან და დებთან ერთად გაიზრდებიან. ისინი უზრუნველყოფილი იქნებიან საკვებით, ჰიგიენითა და სამედიცინო მომსახურებით.
ასეთი ტიპის მომსახურებაში ბავშვებს გამოუმუშვდებათ თვითმოვლის, ცხოვრებისეული, პროფესიული და სასიცოცხლო უნარ–ჩვევები, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარების პიროვნებებად ჩამოყალიბების პროცესს, აამაღლებს მათი დამოუკიდებლობის ხარისხს და მომავალში თითოეული ბავშვის ჯანსაღ სოციალურ ფუნქციონირებას განაპირობებს.
საქართველოში უკვე 18 ასეთი ტიპის სახლი ფუნქციონირებს. საერთაშორისო ორგანიზაციის USAID და გაერო-ს ბავშვთა ფონდ UNICEF-ის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია 24 ამგვარი ტიპის სახლის გახსნა.
"სულ ჩვენს რეგიონში 6 ასეთი სახლი გაიხსნება, სადაც 60-მდე ბავშვი იცხოვრებს. ჩვენ მივესალმებით ამ მნიშვნელოვან რეფორმას და ვეცდებით არ მოვაკლოთ ამ სახლებში მცხოვრებ ბავშვებს ყურადღება", - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"