გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ელექტრონული რეგისტრაციის სისტემასა და 2012 წლის გამოცდების სიახლეებს საქართველოსრეგიონების აბიტურიენტებსა და პედაგოგებს გააცნობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გამოცდების ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, პირველი შეხვედრა მოსწავლეებთან და პედაგოგებთან დღეს, 14:00 საათზე, ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში შედგება; ზუგდიდის, ოზურგეთისა და ბათუმის სკოლების მოსწავლეებსა და პედაგოგებს ცენტრის წარმომადგენლები, შესაბამისად, 16, 17 და 18 დეკემბერს შეხვდებიან.
2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად მოხდება. აპლიკანტები გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.
სპეციალური სარეგისტრაციო სისტემა და დეტალური ინსტრუქციები ცენტრის ვებგვერდზე რეგისტრაციის პროცესის დაწყებისას განთავსდება.
2012 წლიდან აბიტურიენტებს არა 7, არამედ 20 ფაკულტეტის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისად, გაუქმდება ე.წ. მეორადი ჩარიცხვები.
უმაღლეს პროფესიულ პროგრამებზე ჩაბარების მსურველები განაცხადში აღარ უთითებენ პროფესიულ მიმართულებებს – აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას, პროფესიულ მიმართულებებს კი გამოცდის ჩაბარების შემდეგ აირჩევენ.
მომავალი წლიდან ორ სპეციალობაზე - სამედიცინოსა და იურიდიულზე კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გაიზრდება და სამ საგანში – 35%, ხოლო უცხოურ ენაში 30% გახდება.
უმაღლესი სასწავლებლები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მეოთხე საგანს ე.წ. მაპროფილებელი მიმართულებიდან აირჩევენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"