საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შრომითი ტრამვისათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გაუქმებას ასაჩივრებს. სარჩელში, რომლითაც ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის #53-ე დადგენილების ცალკეული ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობაა მოთხოვნილი.
საია-ს მიაჩნია, რომ მთავრობის დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტს, 39-ე მუხლს და 42-ე მუხლის მე-9 პუნქტს, კერძოდ სადავო ნორმატიული აქტით იმის ნაცვლად, რომ ფულადი დახმარების გონივრულ ოდენობამდე შემცირება მომხდარიყო, რაც აუცილებელი იქნებოდა საბიუჯეტო სახსრების დაზოგვისათვის, ყოველთვიური სარჩო ტოტალურად გაუქმდა.
საია-ს განცხადებით, სახელმწიფო არ იყო უფლებამოსილი, სრულად უარეყო ადამიანის უფლება - მიეღო ყოველთვიური სარჩო, ვინაიდან ეს მოთხოვნა ეფუძნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ადმინისტრაციული აქტით წარმოშობილ კანონიერ მოლოდინს.
ასოციაციის განცხადებით, სადავო ნორმები შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს, თავი დააღწიოს დაქირავებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის პასუხისმგებლობისაგან იმ სამინისტროს, საქვეუწყებო დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის გზით, სადაც დაზარალებულმა შრომითი ტრავმა განიცადა.
საია-ს სარჩელში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიზნებისათვის ადამიანისთვის მიყენებული ზიანისთვის პასუხისმგებელია არა ის სახელმწიფო ორგანო ან მოსამსახურე, რომელმაც დაქირავებულს ზიანი მიაყენა, არამედ სახელმწიფო მთლიანობაში. პასუხისმგებლობაზე კი არანაირ გავლენას არ შეიძლება ახდენდეს სახელმწიფოს იმ სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაცია, რომლის ბრალეული ქმედებითაც მუშაკს მიადგა საწარმოო ტრავმა.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ სარჩელში მოყვანილი არგუმენტაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეფუძნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"