"ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთ მოანიჭებს მადლს" (I პეტრე 5.5) - ამ სიტყვებით იწყება უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე.
ეპისტოლეს მიხედვით, ყოველი გონიერი ადამიანი ცდილობს, პასუხი გასცეს კითხვას - რისთვის არის ამ ქვეყანაზე და რა უნდა აკეთოს? ეს კი ცხოვრების საზრისის, ანუ სამყაროში თავისი ადგილის პოვნას გულისხმობს. თუმცა, არსებობენ ისეთნიც, რომელნიც ასეთ კითხვას მთელი ცხოვრების მანძილზე არ უსვამენ საკუთარ თავს და მიწიერ ყოფას უმიზნოდ და, შესაბამისად, უაზროდ ამთავრებენ. საზოგადოების ნაწილი კი, თავის მრწამსს, თავის დანიშნულებას საკუთარ წარმოდგენაზე ან სხვადასხვა თეორიისა და რელიგიის სწავლების საფუძველზე აყალიბებს.
”მათი ქმედება, რა თქმა უნდა, მოტივირებულია და ხშირად წარმატებულიც ამ ქვეყანაზე, მაგრამ სულის ცხონება, რაც ყველაზე მთავარია და არსებითი, ამ გზით ვერ მიიღწევა. ყველასგან განსხვავებულია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე დაფუძნებული ცხოვრების საზრისი. მას შეიძლება "ქრისტესმიერი გონება" ეწოდოს, რადგან იგი, პირველ რიგში, სულიწმიდის მადლმოსილებას გულისხმობს, შემდეგ კი - ადამიანურ შესაძლებლობებს. "ქრისტესმიერი გონის" შესახებ შეიძლება ითქვას იგივე, რასაც წმიდა პავლე მოციქული ჭეშმარიტ სიყვარულზე წერს, რომ არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ შურს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ განიზრახავს ბოროტს, არ მოიწონებს უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იფარავს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყოველთვის იმედი აქვს. ამ სულისკვეთებით ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები", - აღნიშნულია საშობაო ეპისტოლეში.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, ქართული სულის ერთ-ერთი სახასიათო თვისება შოთა რუსთაველმა ასე გამოთქვა: "რასაცა გასცემ შენია, რას არა, დაკარგულია".
"ზოგიერთი ვერ ხვდება მის შინაარსს, რადგან, მიწიერი ლოგიკით, სხვისთვის მიცემული ნივთი თუ ქონება გამცემს აღარ ეკუთვნის და ეს ნათქვამი, ბუნებრივია, მისთვის გაუგებარია. არადა, აღნიშნული აფორიზმი შეიცავს ღრმა ქრისტიანულ სწავლებას ადამიანის უკვდავების შესახებ. მორწმუნეს სწამს, რომ მის მიერ აღსრულებული უანგარო ქველმოქმედება სათნოა ღვთისათვისაც და ადამიანისათვისაც. ამასთან, იცის, რომ რასაც გასცემს ამქვეყნიურ დროებით ყოფაში, მას მარადიულ ცხოვრებაში დაიუნჯებს და ეს არის მიზეზი მისი სულიერი სიხარულისა, ხოლო რასაც არ გასცემს, ბუნებრივია, ის მას მარადიულ ყოფაში მოაკლდება. ამიტომაც, ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს. სწორედ ასეთი აზროვნებიდან მომდინარეობს ქართველი კაცის სტუმართმოყვარეობა, ხელგაშლილობა, თანადგომისა და თავგანწირვის უნარი; ისიც, რომ იგი ყველაზე ძვირფასს, სიცოცხლეს, უშურველად წირავდა მოყვასისა თუ სამშობლოს საკეთილდღეოდ. ეს დამოკიდებულება იმდენად შეისისხლხორცა ჩვენმა ერმა, რომ იგი მის განუყოფელ თვისებად იქცა. ,,ხამს მოყვარე მოყვრისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად", - საუკუნეებია შთამომავლებს დევიზად გადაეცემათ ეს სიტყვები. ასე იზრდებოდნენ თაობები; რა თქმა უნდა, მათ შორის მუდამ იყვნენ კარიერისა და პირადი კეთილდღეობის სურვილით საკუთარი მეობისა და ქვეყნის ინტერესების ნებაყოფილობით უარმყოფელნი და საზოგადოებისათვის ცუდი მაგალითის მიმცემნი, მაგრამ დღემდე სწორედ იმიტომ მოვაღწიეთ, რომ ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი გაჰყვა არა მათ, არამედ ჩვენი ეროვნული მეობისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულებს", - ნათქვამია ეპისტოლეში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"