თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს, აფაქიძის ქუჩაზე, ახალი მრავალფუნქციური ობიექტი - "ტიფლის ბიზნეს ტაუერი" დაათვალიერა და კომპლექსში დასაქმებულ ადამიანებს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, აფაქიძის ქუჩაზე მდებარე შეჩერებული მშენებლობა სამშენებლო კომპანიამ "ტიფლის საბურთალო" თბილისის მერიის პროექტის - "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პირველ ეტაპში მონაწილეობით დაასრულა.
კომპანიამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკისგან 875 050 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო. აშენდა ორი ბლოკისგან შემდგარი მრავალფუნქციური კომპლექსი. ერთი ბლოკი 15-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, რომლის მშენებლობაც უკვე დასრულდა და ეტაპობრივად მოსახლეობის შესახლება მიმდინარეობს. ახალი ბინებით სულ 110 ოჯახი დაკმაყოფილდა, მათ შორის 10 ოჯახი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში ძველი, ავარიული სახლებიდან ახალ ბინებში გადავა საცხოვრებლად.
შენობის მეორე ბლოკი 16-სართულიან, მრავალფუნქციურ ბიზნეს–ცენტრს წარმოადგენს. "ტიფლის ბიზნეს ტაუერის" პირველ სართულზე "კორ სტანდარტ ბანკის" ფილიალი, ტურისტული სააგენტო, ნოტარიუსისა და თარჯიმნის ოფისები, დიაბეტური და დიეტური სამზარეულო, საგამოფენო და საკონფერენციო დარბაზები განთავსდა. პირველ სართულზე გაიხსნა ასევე გამაჯანსაღებელი ფიტნეს სპა-სალონი "ლოტუს გარდენი", სადაც მომხმარებელი თანამედროვე ტრენაჟორებითა და სპა-კაფსულებით ისარგებლებს და ყველა სასურველ პროცედურას ჩაიტარებს.
ბიზნეს ცენტრში ფუნქციონირებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ოფისები. ასევე მოეწყო 15-ნომრიანი სასტუმრო და ღამის კლუბი, ბოლო მე-16 სართულზე კი - რესტორანი. სრული დატვირთვით ამუშავების შემდეგ ახალ ობიექტზე სულ 1 400 ადამიანი დასაქმდება.
კომპლექსის ეზოში გაზაფხულზე დასრულდება ჩოგბურთის კორტების, კალათბურთის სათამაშო მოედნისა და ღია საცურაო აუზის მშენებლობა. შენობის ირგვლივ და ქვეშ 200 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი მოეწყო.
"ტიფლის ბიზნეს ტაუერი"-ს მშნებლობა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში მიღებული დაფინანსების გარდა, ყაზახეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ინვესტიციითაც დაფინანსდა.