საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ მეჩეთებთან დაკავშირებით პრობლემა "არა არაინფორმირებულობა, არამედ პრინციპული დაპირისპირებაა". როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობაზე გამართული დებატებისას ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, 800 წელია, ქართველ კაცს არ ჰქონდა შესაძლებლობა, თურქეთში ტაძრებისთვის მიეხედა.
"ჩვენ ვიცოდოთ, რომ ყველაზე მეტყველი ძეგლები იყო თურქეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენ არ შეგვეძლო მათი პატრონობა", – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 30-40 წლის წინ ამ ქვეყანაში იყო წარწერები "მოქალაქე, ილაპარაკე სახელწიფო ენაზე", რაც იმას ნიშნავდა, რომ ეროვნული უმცირესობებისთვის აკრძალული იყო მშობლიურ ენაზე საუბარი და ასეთ მდგომარეობაში იყვნენ ქართველებიც; მაგრამ დღეს, როგორც წიკლაური ამბობს, ახალი ვითარებაა, ახალი ისტორია იწერება და საქართველომ 2006 წლიდან თურქეთთან მოლაპარაკებები დაიწყო ქართული ტაძრების აღსადგენად.
წიკლაურის მტკიცებით, საპატრიარქო ამ მოლაპარეკებების მიმდინარეობისას, ისევე როგორც საზოგადოება, ინფორმირებული იყო. თუმცა, წიკლაურის თქმითვე, საქმე არა არაინფორმირებულობაში, არამედ საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებულ პრობლემაშია.
"აქ საქმე იმაზე კი არ არის, თუ რამდენად ინფორმირებულია, არამედ საქმე არის რაღაც პრინციპულ დაპირიპირებასა და საკითხის გადაწყვეტაზე. არაინფორმირებულობა არაფერ შუაშია", – განაცხადა წიკალურმა და დასძინა, რომ ტაძრების აღდგენის დაბლოკვა არის იგივე, რომ ადამიანმა ულტიმატუმი წაუყენოს ოშკს, ხანძთას.
"იმის გამო, რომ მუდმივად ხდებოდა ამ პროცესის ბლოკირება, დღეს ხანძთის გუმბათის კოლაფსია. რომელი თქვენგანი აგებს პასუხს, რომ ხვალ იგივე ბედი გაიზიაროს სხვა ქართულმა ძეგლებმა - იშხანმა, ოთხთა ეკლესიამ? ნუთუ იმდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის პოლიტიკური ქულები, რომ ეს ძეგლები გაიმეტოთ?" ,– განაცხადა წიკლაურმა და მხარდაჭერა გამოუცხადა ყველა იმ უწყებას, რომლებიც თურქეთთან ხელშეკრულების დადებაში და ეკლესიების აღდგენაში არიან ჩართულნი.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო ოპოზიციამ ქართულ-თურქულ მოლაპარაკებებში საპატრიარქოს იგნორირება გააპროტესტა.