იგორ კვესელავა - “ბიძინას გარეშე არაფერი კეთდება და, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საჭიროა ცვლილება”
“ზიხართ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის...” - ოპოზიცია დიდი აქციისთვის შიდა დაპირისპირების ფონზე ემზადება
ისრაელმა იესოს ქანდაკების ვანდალურად დაზიანების გამო ორი ჯარისკაცი დააპატიმრა
* * *
იგორ კვესელავა - “ბიძინას გარეშე არაფერი კეთდება და, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საჭიროა ცვლილება”
“საკადრო ცვლილებები, რომელიც ახლა მიდის დაკავშირებულია პოლიტიკაში ახალი სახის შემოყვანასთან და ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ცოტნე ივანიშვილი. მისი გამოსვლა შემთხვევითი არ არის. მე სწორედ ამას ვუკავშირებ. ახალი სიტყვის მთქმელი, ახალგაზრდა კაცი უნდა იყოს. თქვენ თუ ყურადღება მიაქციეთ, ცოტნე ივანიშვილი საკმაოდ კრიტიკული იყო არსებულ მდგომარეობაზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ძალადობის თემას. ასე რომ, საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები იწყება. დამთავრდა ძველი პერიოდი, რომელმაც მკვეთრად უარყოფითი შედეგი მოიტანა. საკადრო ცვლილებები აუცილებელია. ბიძინას გარეშე არაფერი კეთდება და, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საჭიროა ცვლილება. რამდენად შეძლებენ ახალი პირები ვითარების გაუმჯობესებას, სხვა საკითხია”, - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “ბიძინას გარეშე არაფერი კეთდება და, როგორც ჩანს, ის მიხვდა, რომ საჭიროა ცვლილება”.
“მთავარია სისტემა ჩამოყალიბდეს. პირადად მე ცოტნეს პოლიტიკაში შემოსვლას მივესალმები. საოცრებას ამ ყველაფერში ვერ ვხედავ. თან მისი შეხედულებები მისაღებია. ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ მმართველობაში პრობლემებია. განახლება საჭიროა, სხვა შემთხვევაში მისი პოლიტიკა წინააღმდეგობაში მოდის და 0-ის ტოლი ხდება იმ კადრებით, რაც ახლაა. შეუძლებელია იმ კადრებით ქვეყანა წინ წავიდეს. ვფიქრობ, ივანიშვილმა ამით წერტილი დაუსვა კობახიძის არასერიოზულ, გაუმართლებელ პოლიტიკას. ის არ არის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, რომელმაც საქართველოს უნდა გაამარჯვებინოს. კობახიძე კი არა, არც სხვა ლიდერები არიან ბიძინასთვის სანდოები. ქვეყანა გაღარიბებულია, ძალიან ბევრი პრობლემაა და ცვლილება აუცილებელია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.
“მიხეილ სააკაშვილის დაპირისპირებაც ოპოზიციის ნაწილთან, დაკავშირებულია იმასთან, რაზეც უკვე ვისაუბრე, ცოტნე ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან. ატყობს, რომ ოპოზიციაში ვითარება გაურკვეველია, რადგან სხვადასხვა მიმართულებით იქაჩებიან. ერთი იდეოლოგია არ აქვთ, არც ავტორიტეტი და არც ლიდერები. მიშა გამოკვეთილი ლიდერი იყო, რეგიონებში მარტოც დადიოდა და საკმაოდ ძლიერი იყო. საჭირო არ არის ბევრი ლიდერი იყოს, რამდენიმე ან ერთიც კი საკმარისია, რომელსაც ხალხი გაჰყვება. ოპოზიციის გარეშე ქვეყანა არ არსებობს. მას განსხვავებული მიდგომები და სახელმწიფოს განვითარების გეგმა უნდა ჰქონდეს. ისინი ხალხისთვის უნდა მუშაობდნენ და არა ისე, როგორც ახლა არიან”, - დასძენს პოლიტოლოგი და შეკითხვაზე - “საპატრიარქოს არჩევნები 28 აპრილს იქნება, სადაც სამ კანდიდატს აირჩევენ. თქვენი აზრით, რამდენად მშვიდ გარემოში ჩატარდება და იქნება თუ არა გარე ჩარევები?” - პასუხობს:
“ქართულ ეკლესიაში დაპირისპირება უკვე მიდის და ეს დაკავშირებულია სახელმწიფოს პოლიტიკასთან. იქამდე მივიდნენ, რომ ეკლესიაშიც კი არის ეს პრობლემა. ილია მეორე დიდი პიროვნება იყო და მგონი, ჯობდა თვითონ დაესახელებინა ახალი პატრიარქი. ახლა ურთულესი პროცესია - ეკლესია დაყოფილია. საეკლესიო იერარქიაში ოპოზიცია ჩამოყალიბდა. ერთი ჯგუფი ხელისუფლებასთან არის, მეორე კი მისი მოწინააღმდეგეა. ეს პრობლემა აქამდეც იყო, მაგრამ ახლა უკვე ღიად გამოკვეთილია. სახელმწიფოს უნდა, რომ ეკლესია ხელში ჰყავდეს, რაც შეუძლებელია. მთავარია რას იტყვის ბიძინა ივანიშვილი. ეკლესიაში განხეთილების წინაპირობა უკვე არსებობს და მნიშვნელოვანია, ეს ასე არ მოხდეს. მღვდელთა ნაწილი გაერიდა ამ ვითარებას. ქვეყანას პოლიტიკური სისტემა დაკარგული აქვს, არ შეიძლება ახლა საეკლესიო სისტემაც დავკარგოთ. სათავეში ღირსეული ადამიანი უნდა მოვიდეს და ხელისუფლებამ არჩევნებში ჩარევას თავი უნდა დაანებოს. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეკლესია გაიხლიჩოს”.
“ზიხართ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის...” - ოპოზიცია დიდი აქციისთვის შიდა დაპირისპირების ფონზე ემზადება
“საყოველთაო კარდაკარისა და 26 მაისის აქციის დაანონსების ფონზე, `ოპოზიციურ ალიანსში~ დაპირისპირებაა. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის საჯარო პოსტებია, რასაც ალიანსის წარმომადგენლები სხვადასხვა პლატფორმიდან ეხმიანებიან და მიაჩნიათ, რომ პატიმრობაში მყოფმა მესამე პრეზიდენტმა ალიანსის შეთანხმება დაარღვია. ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ შეიძლება ოპოზიციური სპექტრის ერთიანობა გამოწვევის წინაშე დადგეს, მით უმეტეს, თუ ალიანსის პრიორიტეტი არჩევნებში მონაწილეობა არაა. 26 მაისის აქციას კი დაანონსებულ პროტესტზე გავლენა დიდად არ ექნება. “მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე, დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ”, - ასე პასუხობს სააკაშვილი “ოპოზიციის ალიანსიდან” ენმ-ს გამოკლებით რვა პარტიის მიერ გავრცელებულ გამოხმაურებას სააკაშვილის მიერ 18 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ზიხართ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის...” - ოპოზიცია დიდი აქციისთვის შიდა დაპირისპირების ფონზე ემზადება.
“როგორც სააკაშვილი წერს, იგი ყოველთვის ერთობის მომხრე იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ სუსტი და მყიფე ერთობა ვერ შეძლებს ეფექტურად დაუპირისპირდეს მმართველ ძალას. როგორც ალიანსის სახელით 8 პარტიამ დაწერა, “არც ერთ პარტიას არ აქვს უფლება, თავი გამოაცხადოს საპროტესტო მოძრაობის ერთადერთ წარმომადგენლად ან ერთპარტიულ თუ ერთპიროვნულ ლიდერად”. 18 აპრილს სააკაშვილმა განაცხადა, რომ “ჩვენი გზა ვერ იქნება უნგრული და უნდა იყოს ქართული, ქართველების გზა არის რევოლუცია. ზიხართ თბილ ტელესტუდიებში და გიკვირთ, ხალხი რატომ არ მოდის რუსთაველზე”. ოპოზიციურმა ალიანსმა მობილიზაციის კამპანია 31 მარტს დაიწყო, ე.წ. საყოველთაო კარდაკარი კი 10 მაისიდან 26 მაისამდე გაგრძელდება, კულმინაცია კი ამავე დღის თბილისის აქცია იქნება. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის კარდაკარ სიარული სახიფათოა, რადგან ხალხს უარყოფითი რეაქცია ექნება. მისი შეფასებით, 26 მაისის აქციაც ისეთივე იქნება, როგორსაც აქამდე ატარებდნენ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ მნიშვნელოვანია ითქვას ალიანსს მომავალში რა ფუნქცია ექნება - თუ არც ერთობა არ იქნება და არც არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას, ასეთ ალიანსს აზრი არ აქვს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ერთ რამეს ვურჩევდი ოპოზიციას, რომ არ დაიწყონ ეს კარდაკარ სიარული, თორემ მოსახლეობას ბინებიდან ვერ გამოასწრებენ. ხალხს უარყოფითი რეაქცია ექნება, ვურჩევ კარგი დაბამბულები მივიდნენ, რომ ზურგი შეინარჩუნონ. ესენი საქართველოს აშკარა მტრები და მოღალატეები არიან. ამას თავიანთ ტელევიზიებში ლაპარაკობენ, რითაც სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს იწვევენ, რომ საქართველო დაბომბონ და ამას საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხი არ აპატიებს. დაპირისპირება რაც ხდება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, საკუთარ ამ ე.წ. გაერთიანებაში ყველას უნდა ლიდერობა და ამის გამო ხდება ეს ყველაფერი. 26 მაისის აქციაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ სექტის წარმომადგენლების შეკრება, რომელიც აგერ უკვე კარგა ხანია იკრიბება და უცხოელებს საქართველოს დაბომბვას სთხოვს. გინდა იყოს დაპირისპირება მათ შორის და გინდა არა, ნულს მივუმატოთ ნული, ნულია, ამიტომ არარაობებს არარაობებთან რა დაპირისპირება უნდა ჰქონდეთ.” - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“ალიანსსა და სააკაშვილს შორის დაპირისპირება გამოწვეულია იმით, რომ სააკაშვილი სწორედ იმას მოუწოდებდა - ტელევიზიებში ნუ სხედხართ, მოსახლეობასთან გადით და ელაპარაკეთო. ანუ მოსახლეობაში გასვლას მოუწოდებდა და ამ მხრივ არ მგონია დიდი მოულოდნელობა იყოს სააკაშვილის განცხადებებში. რაც შეეხება პერსპექტივას, მე ცოტა გაუგებარი მგონია ამ ალიანსის არსებობა - თითქოს ყველაფერი კარგადააო, მაგრამ მომავალში რა ფუნქცია აკისრია ჩემთვის სრულიად გაუგებარია. თუ ის მონაწილეობას არ მიიღებს არც არჩევნებში, ან ერთ გუნდად არ იქნება ჩამოყალიბებული, მაშინ ასეთ ალიანსს რა აზრი აქვს?”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
„ ეს ალიანსი არჩევნების წინ რომ გაიყოს, ეს ხომ უფრო უარესი იქნება მოსახლეობისთვისაც და ალიანსის წევრებისთვისაც. ამიტომ ამ მხრივ მათი ქმედებები ცოტა გაუგებარია. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად კარგად იმუშავებენ - 26 მაისამდე არცთუ დიდი დროა, ვნახავთ, ალბათ პირველი შეხვედრა და ნიადაგის მოსინჯვა 26-ში იქნება, თუ რას და როგორ აკეთებენ და ამის შედეგი როგორია. ამ ეტაპზე უბრალოდ უნდა დაველოდოთ მოვლენები როგორ განვითარდება. არ მგონია, რომ ამ დაპირისპირებამ აქციაზე დიდად იმოქმედოს, ალიანსს საქმიანობა ფაქტიურად ჯერ არც დაუწყია“, - დასძენს ძაბირაძე.
ისრაელმა იესოს ქანდაკების ვანდალურად დაზიანების გამო ორი ჯარისკაცი დააპატიმრა
“ისრაელის არმიის ორ ჯარისკაცს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა: ერთს - იესოს ქანდაკების ჩაქუჩით დაზიანების გამო, მეორეს კი ამ ფაქტის გადაღებისთვის. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მოკვლევის შემდეგ ორივე ჯარისკაცი, რომელთა ვინაობაც არ საჯაროვდება, საბრძოლო მოვალეობის შესრულებას ჩამოშორდება. ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ ცალკე განიხილება იმ ექვსი სამხედროს საკითხიც, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა ფაქტის აღსაკვეთად ან შესატყობინებლად არაფერი მოუმოქმედებიათ. სამხრეთ ლიბანის სოფელ დებელში მომხდარ ინციდენტს, შესაბამისი ფოტოსურათის გავრცელების შემდეგ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მომხდარით “გაოგნებული და დამწუხრებულია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისრაელმა იესოს ქანდაკების ვანდალურად დაზიანების გამო ორი ჯარისკაცი დააპატიმრა.
“სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში ისრაელის არმიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკვლევის შედეგად “დადასტურდა ჯარისკაცთა ქმედებების სრული აცდენა თავდაცვის ძალების ბრძანებებსა და ღირებულებებთან”, და მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე განაცხადა, რომ სულ ცოტა ხნის წინ, “ადგილობრივ თემთან სრული კოორდინაციით”, დაზიანებული ქანდაკება ახლით ჩაანაცვლეს. უწყებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ოპერაციები ლიბანში მხოლოდ ირანის მიერ მხარდაჭერილი “ჰეზბოლასა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ არის მიმართული. ადგილობრივების თქმით, ქანდაკება განთავსებული იყო ჯვარცმაზე, რომელიც სოფელ დებელის განაპირას, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის წინ იდგა. დებელი იმ მცირე დასახლებათა შორისაა, რომელიც მოსახლეობამ ისრაელსა და “ჰეზბოლას” შორის მიმდინარე ომის მიუხედავად არ დატოვა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სოფელ დებელის მრევლის წინამძღოლმა, მამა ფადი ფლაიფელმა, მომხდარის შემდეგ ბი-ბი-სისთან საუბრისას განაცხადა: “ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ ჯვრის, ჩვენი წმინდა სიმბოლოს და ნებისმიერი სხვა რელიგიური სიწმინდის შეურაცხყოფას. ეს ქმედება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დეკლარაციას და ცივილიზებულობას მოკლებულია”. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევები ისრაელის სამხედროების მხრიდან ადრეც მომხდარა. ინციდენტი დაგმო ისრაელის უმთავრესი მოკავშირის, აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ. ორშაბათს მან ამ ფაქტს “აღმაშფოთებელი აქტი” უწოდა და დამნაშავეების მიმართ “სწრაფი, მკაცრი და საჯარო ზომების” გატარება მოითხოვა. თავის მხრივ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მწუხარება გამოთქვა მომხდარისა და იმ “ტკივილის გამო, რომელიც ამ ფაქტმა ლიბანში და მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მორწმუნეებს მიაყენა”, - დასძენს გამოცემა.