პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულმა სუბიექტებმა დღეს დეკლარაცია მიიღეს. სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელსაც პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" წევრებმა მოაწერეს ხელი, 12 პუნქტს აერთიანებს.
პოლიტიკური კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის 2012 წლის საპარალამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია, რომლის შემდეგაც საქართველოში უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება.
"ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის. საქართველოს გადარჩენისა და თანამედროვე სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის, აუცილებელია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის გამარჯვება პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე, რომელიც დღეს მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის. სწორედ ამ გამარჯვების უზრუნველსაყოფად შეიქმნა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება". კოალიცია აერთიანებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც გაერთიანებული არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის პრინციპების საფუძველზე და გამოხატავენ საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს", - ნათქვამია სადამფუძნებლო დეკლარაციაში.
დეკლარაციაში ასევე საუბარია იმაზე, თუ რას გააკეთებს "არჩევნებში ხალხის თავისუფალი ნების გამოვლენის გზით" ხელისუფლებაში მოსული "ქართული ოცნება".
"დაასრულებს ავტორიტარულ მმართველობას და პოლიტიკურ მესიანიზმს საქართველოში, რისთვისაც განავითარებს ლიბერალურ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ინსტიტუტებს, დაძლევს სამოქალაქო დაპირისპირების მემკვიდრეობას და განამტკიცებს ეროვნულ თანხმობას. დაამკვიდრებს სახელმწიფო ორგანოს და დაბალანსებულ გაწონასწორებულ მოდელს, რეალურ თვითმმართველობას და მრავალპარტიულ პოლიტიკურ სისტემას, რისთვისაც ხალხის აქტიური მონაწილეობით განახორციელებს კონსტიტუციურ რეფორმას. უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და რეგიონული პოზიციების გამყარებას, რისთვისაც გააღრმავებს ევროკავშირსა და ნატო-სთან ინტეგრაციას და მონაწილეობას მიიღებს რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში. დაიწყებს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის გამთლიანების პროცესს, რისთვისაც მოძებნის დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან. საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით მიაღწევს კონკრეტულ შედეგებს რუსეთთან მოლაპარაკებებში. დაამკვიდრებს საარჩევნო დემოკრატიას, ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და არჩევნების გზით შეცვლის ტრადიციას, რისთვისაც გააძლიერებს ოპოზიციის როლს ქვეყნის მართვაში. დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს, უზრუნველყოფს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების ხელშეუხებლობას, დანაშაულისთვის სასჯელის გარდაუვალობას და პოლიტიკური ნიშნით დევნის დაუშვებლობას, რისთვისაც დაამკვიდრებს კანონის უზენაესობას, გაათავისუფლებს სასამართლო და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან. არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან, რისთვისაც გაათავისუფლებს საჯარო სამსახურებს მმართველი ძალის წნეხისგან და გამიჯნავს მათ პარტიული ინტერესისგან, დაძლევს უმუშევრობას და სიღარიბეს. შეუქმნის უნარიან და მშრომელ მოქალაქეებს სიმდიდრისა და კეთილდღეობის პირობებს, რისთვისაც განავითარებს წვრილ და საშუალო ბიზნესს და სოფლის მეურნეობას. დაიცავს კერძო საკუთრებებს და შრომის უფლებებს, უზრუნველყოფს მსოფლიო ეკონომიკურ სისტემაში ქვეყნის ინტეგრირებას. დანერგავს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებს, რისთვისაც განახორციელებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე ორიენტირებულ გააზრებულ რეფორმებს. შეუქმნის შრომისუუნარო მოქალაქეებს ცხოვრების ღირსეულ პირობებს, რისთვისაც დაამკვიდრებს უსაფრთხო სოციალურ გარემოსა და განვითარების სოციალური სოლიდარობის სისტემას. ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მრავალფეროვანი ერთობის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებას, რისთვისაც დაიცავს ეთნიკური და რელიგიური უცმირესობების უფლებებს და ხელს შეუწყობს სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში მათ ინტეგრირებას. იზრუნებს ქვეყნის ეროვნულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე და ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკურ მოდერნიზაციას, რითაც დაძლევს ერთის მხრივ ბრმა მიმბაძველობის, ხოლო მეორეს მხრივ ფსევდოპატრიოტული კარჩაკეტილობის ტენდენციებს. ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნებში", - ნათქვამია პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დეკლარაციაში, რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგმა სუბიექტებმა: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები", "ეროვნული ფორუმი"; აგრეთვე, ზვიად ძიძიგურმა და კობა დავითაშვილმა.
პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნებაში” გაერთიანდნენ შემდეგი პარტიები: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი"; ”კონსერვატორებიდან” და ”ხალხის პარტიიდან” კოალიციაში შედიან ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი.
კოალიციის პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილმა დღეს სასტუმრო ”რედისონში” გამართა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"