"საქკაბელი" წელს 4 ახალ მაღაზიას გახსნის, სადაც 50 ადამიანი დასაქმდება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქკაბელიდან" აცნობეს, დღეისთვის "საქკაბელის" ზესტაფონის ქარხანაში 200 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასია 600 ლარი. თბილისში სამი თვის განმავლობაში 150 დილერის დასაქმებაა დაგეგმილი. 2012 წლის ბოლომდე თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში ოთხი ახალი მაღაზია გაიხსნება და შესაბამისა, 50 სამუშაო ადგილი შეიქმნება.
"საქკაბელში" აცხადებენ, რომ გარდა იმისა, რომ კომპანია ცდილობს დაასაქმოს მოსახლეობა, ის ასევე თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზეც ზრუნავს. კვალიფიციური კადრის მომზადება კი ადრეულ ასაკში უნდა დაიწყოს.
"დღეს ამ სფეროში კადრების პრობლემაა, მაგრამ ვცდილობთ ეს საკითხი დავარეგულიროთ. ამ სფეროში თაობათა ცვლა აუცილებელია. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენვე შეგვექმნა ასეთი ბაზა. ზესტაფონში, ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ბაზაზე შევქმენით ჯგუფი, რომელსაც კომპანია აფინანსებს. ამ ჯგუფში გაწევრიანებული სტუნდენტები პერიოდულად გადიან პრაქტიკულ სამუშაოებს საწარმოში. ამის პარალელურად ისინი სასწავლებელში თეორიულ ცოდნასაც ღებულობენ. ჩვენ ასევე ვზრუნავთ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ვაგზავნით კადრებს საზღვარგარეთ მივლინებით. გადიან ტრენინგებს, სემინარებს. ასევე მოგვყავს საზღვარგარეთიდან კვალიფიციური კადრები. ხდება ტექნოლოგიებისა და ინფორმაციების გაცვლა", - აღნიშნავს სს "საქკაბელის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ედიშერ მამალაძე.
"საქკაბელი" 1959 წელს დაარსდა. წარმოების რეაბილიტაცია ახალი მენეჯმენტის მიერ 2006 წლიდან დაიწყო და დღეს 74 ტიპის დასახელების 2000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტს აწარმოებს. 2006-2007 წლებში ქარხანაში 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. 2007-2011 წლებში ქართული პროდუქციით რუსული და სხვა იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლება განხორციელდა: მოხდა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების გამრიცხველიანება, შეიცვალა გარე განათების სისტემა საქართველოს მსხვილ ქალაქებში, განხორციელდა საქართველოს რკინიგზისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სპეციფიკური კაბელების წარმოება, განხორციელდა ექსპორტი სომხეთის რესპუბლიკაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"