17 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. კონფერენციის მიზნებსა და ამოცანებზე "ინტერპრესნიუსი" ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორს, თსუ-ს პროფესსორ ვასილ კაჭარავას ესაუბრა.
- ბატონო ვასილ, ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, აშშ-საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა 20 წლის იუბილეს სამეცნიერო კონფერენციას უძღვნის. რამდენი მკვლევარი მიიღებს მასში მონაწილეობას? და კიდევ, მიიღებენ თუ არა კონფერენციაში მონაწილეობას ამერიკელი და სხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები?
- ეს არის რიგით მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ეძღვნება და, რომელსაც თსუ-ს ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტი ატარებებს. 13 წლის წინ პირველ კონფერენციაში მხოლოდ 10-15 მეცნიერი მონაწილეობდა. ამჯერად, კონფერენციაში 190-მდე მომხსენებელი მიიღებს მონაწილეობას. უნდა აღვნიშნო, რომ რაოდენობასთან ერთად ხარისხიც იზრდება. კონფერენცია 11.00 საათზე გაიხსნება, შემდეგ კი მუშაობა სამი დღის განმავლობაში ისტორიის, პოლიტიკის, კულტურის, ლიტერატურის, ჯანდაცვისა და სხვა სექციებში გაგრძელდება. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს დაეთმობა. კონფერენციის კარი ყველასთვის ღიაა.
ეს თარიღი კარგი საბაბია, შევაჯამოთ ქართულ-ამერიკულ დიპლომატიურ ურთიერთობათა 20 წელი და ამ გზაზე რომ კიდევ უფრო წინ წავიდეთ, გავაანალიზოთ როგორც მიღწევები, ისე დაშვებული შეცდომები. სხვათა შორის, კონფერენციას ასეც ჰქვია - "საქართველო-ამერიკა - გუშინ, დღეს, ხვალ". ჩვენი შეჯამების მცდელობა პერსპექტივაზეა ორიენტირებული.
კონფერენციაში რამოდენიმე ამერიკელი და ერთი ინდოელი პროფესორიც მონაწილეობს, კონფერენციაში მონაწლეობენ საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მეცნიერები. სხვათა შორის, ჩვენმა ინსტიტუტმა საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ხელი შეუწყო საქართველოს რეგიონებში აშშ-ის შესწავლის ცენტრების შექმნას. ასეთი ცენტრები დღეს არსებობს ბათუმში, თელავში, ქუთაისში. კონფერენციაში პროფესურისა და დოქტორანტების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ მაგისტრანტებიც და განსაკუთრებით გამორჩეული სტუდენტებიც, ასე რომ, ეს კონფერენცია გარკვეულწილად ახალგაზრდა მკვლევარების თავისებური კასტინგიც გახლავთ.
- ბრძანეთ, კონფერენციაზე 190-მდე მოხსენება იქნება წაკითხული. ხომ არ დაგვისახელებდით განსაკუთრებულად საიტერესო თემებსა და ავტორებს?
- ასეთი ძალიან ბევრია. ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი პაატა იმნაძე იმაზე ისაუბრებს, თუ რა როლი ითამაშა ამერიკამ ქართული მედიცინის განვითარებაში. ამერიკელი სპეციალისტი ლოლა არნოლდის თემაა - "თამანედროვე ტენდენციები ამერიკელი საჯარო სკოლის განათლების სისტემაში: ადრეული ინტერვენცია მულტიკულტურულ საზოგადოებაში," ამერიკელი პროფესორი ტიმოთი ბლაუტერი წარმოადგენს თემას - "კავკასიისმცოდნეობა შეერთებული შტატებში: პირადი დაკვირვება," ამერიკელი ჟურნალისტი მიშელ მირანდა "ამერიკულ ოცნებაზე" ისაუბრებს, ია იაშვილი - "თანამედროვე ქართული შრომით ემიგრაცია აშშ-ში და საქართველოს საემიგრაციო პოლიტიკაზე," გარუჩავა თათია - "ამერიკის იმიჯი საქართველოში," ვალერიან რამიშვილი - "ქართულ-ამერიკული ურთიერთობების 20 წლიანი გამოცდილება," ომარ არდაშელია – "აშშ-ს საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში 21-ე საუკუნის დამდეგს." პრაქტიკულად, არ არის სფერო, რომელშიც ერთი კი არა, რემოდენიმე მოხსენება არ იყოს წარმოდგენილი. მე რეიგანის შესახებ წიგნზე ვმუშაობ და კონფერენციაზე მოხსენებას სწორედ კალიფორნიაში რეიგანის გუბერნატორობის პერიოდს ვუძღვნი. საინტერესო მოხსენებას ველით მთავარ პლენარულ სხდომაზე, სადაც ამერიკელი პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ლოურენს შიდსი გამოვა. მისი თემა ეძღვნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობის წარსულს, დღევანდელობასა და მომავალს.- ინტერვიუს ჩაწერამდე საუბარში ბრძანეთ, კონფერენცია ამერიკულ სტილში, კონცერტით დასრულდებაო . . .
- დიახ, ეს მართლაც კარგი და საინტერესო მოვლენაა. თბილისის საკონცერტო ორკესტრი ბიგ-ბენდი საჩუქარს უკეთებს უნივერსიტეტს და ამ კონფერენციის გახსნის დღეს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში დიდ კონცერტს გამართავს. ამ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მაია ბარათაშვილი და ახალგაზრდა "ჯეოსტარელები". ეს კონცერტი კონფერენციის გახსნის დღეს, 17 მაისს 18.00 საათზე დაიწყება. ბუნებრივია, დასწრება თავისუფალია, ორკესტრი სრული პროგრამით წარსდგება და ამიტომ ჩვენ იმ დღეს მუსიკის მოყვარულებსაც ვეპატიჟებით.
- შესაძლოა, დიპლომატიური ურთიერთობებისთვის 20 წელი არც თუ ისე დიდი დროა, მაგრამ ისინიც კი, ვინც აშშ-სადმი უარყოფითი დამოკიდებულების საჯაროდ გამოხატვას არ ერიდებიან, მათაც კარგად ესმით, რომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ აშშ-ს საქართველოს სახელმწიფოებრივი მშენებლობის საქმეში მართლაც განსაკუთრებული როლი აქვს შეტანილი. თქვენ როგორ დაახასიათებდით აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიურ ურთიერთობათა 20-წლიან ისტორიას და ამავე პერიოდში ქართული სახელმწიფოსთვის ურთულეს პერიოდში აშშ-ის დახმარებას?
- ლევან გოთუას უკვდავ ნაწარმოებში "გმირთა ვარამში" ბრწყინვალედ არის აღწერილი საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის მეტად ხანგრძლივი და ტრაგიზმით აღსავსე პროცესი, რომელიც ჯერ კიდევ მე-16 საუკენეში დაიწყეს კახეთის მეფეებმა; საბოლოოდ ყველაფერი გიორგივესკის ტრაქტატიტა და მისი დარღვევით დასრულდა. მაშინ რუსეთი იყო უფრო პროგრესული და მიმზიდველი საქართველოსთვის. სხვა საქმეა, რომ ეს ასე მარტივად და კარგად არ განხორციელდა, როგორც ჩვენ წინაპრებს ეგონათ.
ჩვენ რუსები ხშირად ფიზიკურად გადარჩენას გვამადლიან, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ქართველობამ იმდენი სისხლი, ოფლი, ჯაფა და ნიჭი გაიღო რუსული იმპერიის გაძლიერება-გამარჯვებისთვის, რომ კიდევ საკითხავია, ვის ვისი ვალი აქვს.
1989 წლიდან ქართული საზოგადოების დაკვეთა იყო დასავლეთისკენ ორიენტაცია. მოგეხსენებათ, დასავლური სამყაროს ფლაგმანი ამერიკის შეერთებული შტატებია. დასავლეთისკენ საქართველოს კურსის შეცვლა წარმოუდგენლად მოკლე დროში, უკანასკნელ 20 წელიწადში მოხდა. გასაგებია, რომ ახლა სხვა ეპოქა და სხვა დინამიკაა, მაგრამ ის, რაც დასავლეთთან დაახლოებისა და საქართველოში ორიენტაციის ცვლილების თვალსაზრისით უკანასკნელ 20 წელიწადში მოხდა, ალბათ საერთაშორისო ურთიერთობაში საკმაოდ უნიკალური გამოცდილებაა.
დღეს ხაქართველოს და ამერიკის ინტერესები რეგიონში მრავალ ასპექტში ემთხვევა ერთმანეთს. იქნება ეს საქართველოს გავლით ენერგომატერებლების გატარება, საერთოდ ალტერნატიული გასასვლელი რუსეთსა და ირანს შორის, რომელიც ევროპასა და აზიას ამ ქვეყნების დიქტატის გარეშე აკავშირებს, დასავლეთის როლის ზრდა რეგიონში, დემოკრატიული სამოდელო სახელმწიფოს შექმნა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და მრავალი სხვა დიდი თუ მცირე მიზანი.
ამ ურთიერთობების მნიშვნელოვანი კომპონენტია აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მრავალ ასპექტებს არეგულირებს. მისი ცხოვრებაში გატარება სულ უფრო აქტიურად მიმდინარეობს. აღარაფერს ვამბობ ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ეკონომიკურ დახმარებებზე, რომელიც 1990-იან წლებშიც ხორციელდებოდა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, მაშინ ეს დახმარება თითქმის მთლიანად მოიპარეს, ახლა ამერიკული დახმარება მგონი უფრო ეფექტურად და კარგად გამოიყენება.
- საერთაშორისო ასპარეზზე ბევრ საკითხში აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ობამას გაპრეზიდენტების შემდეგ აშშ-რუსეთის ურთიერთობები საკმაოდ მნიშვნელოვნად დარეგულირდა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას საერთაშორისო ასპარეზზე არანაირად არ უმოქმედია არც მედვედევის და არც რუსეთის რეპუტაციაზე. აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები კი არიან, მაგრამ აშშ-რუსეთს შორის, განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობას ისეთი პირი უჩანს, ძნელი სავარაუდოა, საქართველოს საკითხში რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ რაიმე დათმოს. ასეთ ვითარებაში, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აშშ-საგან?
- ვერ დაგეთანხმებით. მართალია, რუსეთის მესვეურებს ისე არ შეუტიეს, როგორც უკრაინის პრეზიდენტს ქალბატონ ტომშენკოს გამო, მაგრამ საქართველოს საკითხს მათ თითქმის მუდამ ახსენებენ, მგონი ეს რუსეთისვის შენელებული ნაღმის ტოლფასია და ადრე თუ გვიან მის ეფექტურობაც გაიზრდება.
დასავლეთს უყვარს და შეუძლია კიდეც, ადრე თუ გვიან, რაოდენობის ხარისხში გადაყვანა. თუმცა, აშკარად უნდა იჩქაროს, ვინაიდან რუსეთის არმია შემოდგომაზე კვლავ დიდ მანევრებს იწყებს და ამ ქვეყნის თვითმპყრობელობას კი, როგორც ოთხი წლის წინ, კვლავ შეუძლია ე.წ. მანევრები ახალ დამპყრობლურ ომში გადაზარდოს.
თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემებს პრაგმატულად განვიხილავთ, ამერიკამ საქართველოსთვის საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, მათ შორის - 2008 წლის აგვისტოში, რომ საქართველო გადარჩენილიყო და სამხედრო კონფლიქტი შეჩერებულიყო. შავ ზღვაში ამერიკული ფლოტის შემოსვლითა და აშშ-ს პირველი პირების განცხადებებით დაწყებული, უზარმაზარი ეკონომიკური დახამრებით დამთავრებული. ნუ დავივიწყებთ, რომ როდესაც თბილისში ევროპის ლიდერები ჩამოდიოდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, ისინი საქართველოს საკითხში ვაშინგტონის აზრს და მიდგომასაც ითვალისწინებდნენ.
რაც შეეხება ემოციებსა და გადაჭარბებულ მოლოდინებს. მათ რომ არ ავყვეთ, ამერიკის ისტორიის და, საერთოდ, საერთაშორისო ურთიერთობების კარგად ცოდნაა საჭირო. 2008 წელს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო სამოკავშირეო ხელშეკრულება არ ყოფილა გაფორმებული, რომ ამერიკელებისგან სამხედრო მოქმედების იმედი გვქონოდა. მეორე მხრივ კი, მსოფლიოს მეორე ყველაზე დიდი წყალაბადის იარაღის არსენალის მქონე დესპოტია გვეომებოდა.
საერთოდ, მეჩვენება, რომ ზოგიერთი ივიწყებს, თუ რა რთული ისტორიული პროცესების მორევშია ჩვენი სამშობლო. ეს პროცესები კი საკამოდ ხანგრძლივადიანი ხასაითს ატარებს - დეკოლონიაზიცია, რეალური დამოუკიდებლობის მოპოვება, სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის ფუნდამენტური შეცვლა, ეკონომიკის აყვავაება, რიგი ფასეულობებეის შეხამება ახალ რეალობებთან, მსოფლიო საზოგდოებაში ინტერგაციის პროცესი, ცივი ომის შემდგომი მოვლენები, უამრავი რეგიონლაური კონფლიქტი თუნდაც, კავაკსიასა და ახლო აღმოსავლეთში და ვინ იცის, კიდევ რა.
ნურც იმას დავივიწყებთ, რომ "სამოთხე, სახელად საქართველო", სანატრელი ლუკმაა მრავალნაირი დიდი თუ პატარა ქვეყნისთვის და საფრთხეს მარტო რუსეთის მთავრობა არ წარმოადგენს. ამიტომაც, აუცილებელია ძლიერი და სტაბილური მოკავშირის ყოლა. ბუნებრივია პოლიტიკაში გათვლის გაერშე არაფერი ხდება და ამიტომაც უკეთ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს პარტნიორს, რომ ვიცოდეთ რას ველოდეთ მისგან და რა შეთავაზოთ სანაცვლოდ.
საერთოდ, არსებობს ობიექტური რეალობები, რომელთაც ვერ უგულვებელყოფთ. გარდა ამისა, როდესაც უზარამაზარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ცდილობ იყო დამოუკიდებლობისთვის, აყვავებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის ავანგარდში, არადა, მგონი ეს იყო და არის დღემდე ქართული საზოგადოების დაკვეთა, უნდა მზად იყო იმისთვის, რომ ამ გზაზე ყველაზე მეტად შენ გაგიჭირდება.
- მალე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია და ობამას "რესპუბლიკელი" კონკურენტის ვინაობაც ცნობილია. თქვენი აზრით, ნოემბრისათვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების ვის მეტი შანსი აქვს - ბარაკ ობამას თუ მით რომნის? და კიდევ, რომელი მათგანის გაპრეზიდენტების შემთხვევაში აქვს საქართველოს მეტი შანსი, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა?
- თუ ვის აქვს გამარჯვების მეტი შანსი, ამაზე პროგნოზის გაკეთება ამერიკელ პოლიტიკოსებსა და ექსერტებსაც უჭირთ. ტრადიციულად ამერიკის არჩევნებში გადამწყვეტ როლს საშინაო პოლიტიკის ეკონომიკური საკითხები თამაშობს. თუ არჩევნებისთვის ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესებული იქნება, რასაკვირველია, ეს ობამას წისქვილზე დაასხამს წყალს.
ობამას მიმართ პრეტენზიები, მათ შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბევრია. აშშ-ში ბევრი მიიჩნევს, რომ ობამა საერთაშორისო პოლიტიკაში მოისუსტებს, რუსეთთან მიმართებაში სირბილეს იჩენს და ამგვარი პოლიტიკით ვერ ახორციელებს ამერიკის ძლევამოსილებას, რომელიც ქვეყანას პრეზიდენტ რეიგანის დროს ჰქონდა. მის მიმართ ხშირად ისმის კრიტიკა, რომ მან რუსეთთნ ფრთხილი პოლიტიკის გამო მოკავშირეებსაც კი უღალატა და ასე შემდეგ.
ობამას "რესპუბლიკელი" კონკურენტი რომნიც საკმაოდ წარმატებულად იბრძვის პრეზიდენტის თანამდებობისათვის. ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე გამარჯვებას ვერც ერთი კანდიდატი დიდი სხვაობით ვერ მოიპოვებს. ორივე კანდიდატი შიდა პოლიტიკაში ცენტრისტობისკენ არიან ორიენტირებული, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შორის იდეოლოგიური განსხვავებები არსებობს.
ობამამ არჩევნებში კიდეც რომ გაიმარჯვოს, ალბათ მას რუსეთთან ურთიერთობის გამკაცრება მოუწევს. ამერიკელების ავღანეთში ყოფნა რუსეთს უფრო სჭირდება, ვიდრე ბევრ სხვას. როცა ავღანეთიდან ამერიკელები გავლენ, რუსეთი ვეღარ დააშანტაჟებს ამერიკას სამხედრო ტვირთების გატარების საკითხით. მეორე მხრივ კი, "თალიბები" ცენტრალური აზიისკენ გადაინაცვლებენ და სამხრეთიდან რუსეთს საფრთხე შეექმნება. ამის გამო პანიკური განწყობილებები რუსეთში უკვე შეიმჩნევა. რუსეთის მკვახე და აშკარა სამხედრო მუქარა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით ასევე აიძულებს ობამას რუსეთთან წარმოებულ გადატვირთვის პოლიტიკაში კორექტივების შეტანას და მტკიცე პოზიციის დაკავებას. რომნისათვის, როგორც ოპოზიციონერისათვის, უფრო ადვილია ობამას საგარეო პოლიტიკის კრიტიკა. მისი საჯარო გამოსვლების რიტორიკა აშკარად ანტირუსულია და რუსეთთან მიმართებაში რეიგანისეული პოლიტიკური ხაზის მხარდამჭერია.
საერთოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად ნაკლებად არის დამოკიდებული პრეზიდენტის ცვლილებაზე. იგი უფრო ზეპარტიულ სფეროს მიეკუთნება. ნუ დავივიწყებთ, რომ ობამას მმართველობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთოების გასაღრმავებლად ბევრი რამ გაკეთდა. ალბათ არჩევნების ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და გააქტიურდება. ამერიკას საქართველოში ყველა კატეგორიის ძალზე დიდი ინვესტირება იმისთვის არ განუხორციელებია, რომ ახლა მისი განვითარების კრიტიკულ ეტაპზე მიატოვოს.
კობა ბენდელიანი
"ინტერპრესნიუსი"
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"