"ქართული დასი" NDI-ის კვლევის შედეგებს არ ენდობა. ამასთან დაკავშირებით "ქართული დასის" ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვთანამშრომლობთ NDI-სთან, მათ არ ვაბრალებთ კვლევების გაყალბებას, მაგრამ კომპანია ვისაც NDI კვლევებს უკვეთავს, ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და გიგა ბოკერიას თანაგუნდელს, ცესკო-ს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან თარხნიშვის. სინამდვილეში ჩვენი რეიტინგი ბევრად უფრო მაღალია", - აცხადებს ბაღათურია.
ჯონდი ბაღათურია მოსახლეობას წინასაარჩევნო ხელშეკრულებების დადებას სთავაზობს და განმარტავს, რომ ხელშეკრულებაში ჩაწერილი იქნება პარტიის ყველა დაპირება და ის ყველა ამომრჩეველთან გაფორმდება. ბაღათურიას თქმით, იმ შემთხვევაში თუ ამ დაპირებებიდან რომელიმე პუნქტი დაირღვევა "ქართული დასი" საკუთარ მანდატებზე პარლამენტში უარს იტყვის.
ჯონდი ბაღათურია პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის შემთხვევაში მოსახლეობას საპენსიო რეფორმას, პენსიების 250 ლარამდე გაზრდას, საბანკო დავალიანებების ჩამოწერას და მასშტაბურ ამნისტიას ჰპირდება. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელშეკრულებებში აისახება.
დღესვე ბაღათურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პარტია "ქართულ დასსა" და კოალიცია "ქართულ ოცნებას" შორის წინასაარჩევნო კონსულტაციები დასრულებულია და შედეგები უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
"ჩვენ თანამშრომლობაში დარწმუნებულები ვართ. ეს უკვე შემდგარი ფაქტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში მეტი სიახლე გველის", - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაღათურია ხელისუფლების მიერ ინიცირებული პარტიების ქცევის ერთობლივ დეკლარაციაზე ხელისმოწერას არ აპირებს.
"ჩვენ ბანდასთან ხელშეკრულებას არ გავაფორმებთ, ეს არის კრიმინალური ბანდა და თუ რამე ექსცესი ხდება, ხდება მათი პროვოცირებით. პირადად პრეზიდენტის დავალებით ხდება ქვების სროლა და თუ ქვების სროლას თავს დაანებებენ, ასეთი დეკლარაციის მიღება საჭირო არც იქნება", - აცხადებს ბაღათურია.
NDI-ს კვლევის შედეგების პრეზენტაცია დღეს სასტუმრო "თბილისს მარიოტში" გაიმართა. NDI მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მეორე ნაწილის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც პოლიტიკურ რეიტინგებს მოიცავს. კვლევა 4-დან 22 ივნისამდე პერიოდში ჩატარდა და 6 299 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლუს მინუს 2%-ია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"