თეა თუთბერიძის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე ირაკლი წერეთლის ახლო ნათესავი არის ე.წ. "კანონიერი ქურდი" ვატო ყიფიანი , რომელიც აპირებს ბაჩო ახალაიას პირადად გაუსწორდეს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულებასთან განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულის გამო ბაჩო ახალაიას მიმართ სერიოზული საფრთხე არსებობს. თუთბერიძემ სასჯელაღსრულების #7-ე დაწესებულებიდან გამოსულ ლალი მაროშკინას ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა, თუმცა, მაროშკინას თქმით, ამ ნათესაურ კავშირზე მას ინფორმაცია არ გააჩნია.
ლალი მაროშკინასა და თეა თუთბერიძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც მოხდა, რის შემდეგაც თუთბერიძემ ჟურნალისტებს მიმართა, რათა დროულად მოხდეს გამოძიება, თუ რა კავშირი აქვთ ვატო ყიფიანსა და ირაკლი წერეთელს. ამასთან, თეა თუთბერიძისთვის ვატო ყიფიანის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.