სიცრუე, რომელიც სტალინის შესახებ ვრცელდება მის შთამომავლობას არ შეურაცხყოფს, - ამის შესახებ საერთაშორისო პრესცენტრ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე იოსებ სტალინის შვილთაშვილმა, იაკობ ჯუღაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის დაინტერესდა სტალინის შესახებ საკითხით, რადგან საბჭოთა პროპაგანდა ჯანსაღ აზრს მკვეთრად სცილდებოდა. მისივე განმარტებით, სტალინის შესახებ ლიტერატურით დაინტერესდა და ავტორები, რომლებიც მასზე წერდნენ ხშირად ტენდენციურები იყვნენ.
როგორც იაკობ ჯუღაშვილი აცხადებს, ანტისტალინური პროპაგანდა სტალინის შთამომავლობას კი არ შეურაცხყოფს იმ 200 მილიონ ადამიანს, რომელიც ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მაცხოვრებლები არიან და, რომ ამ 200 მილიონ ადამიანს "ერთი ულვაშიანი ქართველის" ეშინოდა. მისივე თქმით, ანტისტალინური პროპაგანდის მიზანი ხალხის დამონება იყო; ხშირად სტალინს იხსენიებენ დიქტატორად, თუმცა სტალინი იყო კომუნისტი და კომუნიზმი და დიქტატურა ერთმანეთთან შეუთავსებელია. იაკობ ჯუღაშვილი სტალინის ძეგლის გადატანას და ანტისტალინური მუზეუმის შექმნის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, სახელმწიფოს ამოცანაა არა ძეგლების აღება ან აღდგენა, გახსნა ან დახურვა მუზეუმების, არამედ სახელმწიფო ვალდებულია ხალხი დაიცვას ფიზიკური თუ სულიერი ცხოვრების გაუარესებისგან.
"თუ აპირებენ გახსნან მუზეუმი ისეთი უნდა გააკეთონ, რომ აამაღლოს საზოგადოების ცოდნის დონე. ეხლა დავფიქრდეთ რა მუზეუმის გახსნას აპირებენ", – განაცხადა იაკობ ჯუღაშვილმა.
მისი თქმით, თუ ამ მუზეუმში შესულ ადამიანს იმ სისულელეს ეტყვიან, რასაც 100 წლის წინ ამბობდნენ, ეს ვერ იქნება ამ ადამიანისთვის სარგებლის მომტანი და ეს საზოგადოებას ჭკვიანს ვერ გახდის.
"ვფიქრობ, რომ თუ გეტყვიან ამ მუზეუმში, რომ სტალინი როგორც ჭეშმარიტი კომუნისტი ცდილობდა მთელ ხალხზე ძალაუფლების გადაცემას და ამის გამო ის პარტიულმა ჩინოვნიკებმა მოკლეს – რა შოკში იქნება მოსახლეობა. ამის შემდეგ სიტყვა "კომუნიზმიც" აღარ იქნება ცუდი", - განაცხადა ჯუღაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ის საქართველოში ისეთ დემოკრატიას ააშენებს, რომლის ევროპასაც კი შეშურდება. იაკობ ჯუღაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას. როგორც სტალინის შვილთაშვილი აცხადებს, საქართველოს მთავრობაში არის დაუსჯელობის სინდრომი.
"საქართველოში მოდიან ხელისუფლებაში, რასაც უნდა იმას აკეთებენ 4 წლის განმავლობაში და შემდეგ ლონდონში, ან სხვაგან გარბიან. ხალხის ძალაუფლება სადაა", - განაცხადა ჯუღაშვილმა.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ადამიანს ეცოდინება, თუ ის დანაშაულს ჩაიდენს აუცილებლად დაისჯება; ასეთ შემთხვევაში არამზადებს აღარ გაუჩნდებათ სურვილი მოვიდნენ ხელისუფლებაში.
რაც შეეხება თავად იაკობ ჯუღაშვილს, ის თბილისში ცხოვრობს, თუმცა რუსეთის მოქალაქეა. როგორც მან განაცხადა, ადრე იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მოუწია შემდეგ რუსეთის მოქალაქეობა მიეღო. რაც შეეხება მის გეგმებს, ის უახლოეს პერიოდში ოჯახთან ერთად რუსეთში საცხოვრებლად გადასვლას აპირებს, რადგან, როგორც მან აღნიშნა, არ უნდა, რომ მისმა შვილმა დაკარგოს რუსეთთან, კერძოდ რუსულ ენასთან კავშირი, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში ის ამას აუცილებლად დაკარგავს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"