ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესზე გუშინ ცხრა მოწმე დაიკითხა, საიდანაც რვამ პირველი ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ჩვენებები ზეწოლის შედეგად ჰქონდათ მიცემული.
დაკითხულთაგან ოთხი პირი შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისთვის უკვე მსჯავრდებულია, დანარჩენი ოთხი კი გათავისუფლებულია. რაც შეეხება დარჩენილ ერთ პირს, რომელიც დღეს დაიკითხა, იგი შიდა ქართლის კონტრდაზვერვის სამსახურის წარმომადგენელია, რომლის მტკიცებითაც, შეიარაღებული ფორმირება 2011 წლის მაისში საქართველოში შემოსასვლელად შემდგომი დესტაბილიზაციის მიზნით ემზადებოდა.
დაკითხული ოთხი პატიმარი, მოწმე დავით ჯარმელაშვილი, შალვა საბაშვილი, კახა და ლევან ტერაშვილები სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აცხადებენ, რომ დაკავების შემდეგ მათზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა გამოძიების ორგანოებისთვის სასურველი ჩვენების მიცემის მოთხოვნით. მათი განცხადებით, მათ უსწორდებოდნენ ფიზიკურად და მძიმე სასჯელებით ემუქრებოდნენ, რის გამოც ხელი მოაწერეს ცრუ ჩვენებებზე, რომელიც გამოძიებამ დაწერა.
როგორც პატიმარმა მოწმეებმა პროცესზე აღნიშნეს, ყველა მათგანის ჩვენებაში მითითებული იყო, რომ ირაკლი ოქრუაშვილი შეიარაღებულ დაჯგუფებას ქმნიდა საქართველოში შემოსაჭრელად. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მოწმემ, ლევან ტერაშვილმა განაცხადა, რომ ცრუ ჩვენების მისაცემად მის წამებაში მონაწილეობდა გლდანის ციხის ამჟამინდელი დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ჯანჯღავა, ასევე, გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, რეჟიმის უფროსი ბორის ფაცაცია და სხვები.
ამასთან, ლევან ტერაშვილი ასახელებს ზეწოლაში მონაწილე კიდევ ერთ პირს, კონტრდაზვერვის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელ რობერტ გრიგალაშვილს. მისი სახელი ზეწოლის ფაქტებში სხვა მსჯავრდებულებმაც ახსენეს, მათ შორის თავისუფლებაში მყოფმა მოწმეებმაც.
პატიმარი მოწმეები ზეწოლის სხვადასხვა ფორმებზეც საუბრობდნენ. ერთ-ერთი მოწმის, შალვა საბაშვილის განცხადებით, მას გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების მისაცემად ემუქრებოდნენ 7 წლის შვილიშვილის გაუპატიურებით. ამასთან, შალვა საბაშვილმა ფიზიკური ზეწოლის ფაქტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცემის შედეგად მან სმენა დაკარგა და კბილები აქვს ჩამტვრეული.
კიდევ ერთმა პატიმარმა მოწმემ, დავით ჯარმელაშვილმა კი განაცხადა, რომ მას შვილის დაკავებით ემუქრებოდნენ. მან გაიხსენა ერთ-ერთი ზეწოლის ფაქტი, როდესაც კაბინეტში, სადაც მის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა, დასვეს დივანზე და ზეწოლა დაიწყეს, თუმცა, მან კონკრეტული ფაქტის მოყოლის დროს პაუზა გააკეთა, რის შემდეგაც ემოციურ ნიადაგზე ატირდა. ამის შემდეგ პროკურორმა გოზალიშვილმა დაკონკრეტება აღარ მოითხოვა.
გარდა პატიმარი მოწმეებისა დაიკითხნენ საქმეში ბრალდებული ის მოწმეებიც, რომლებიც უკვე გათავისუფლებული არიან. ესენი არიან გივი ილურიძე, გიორგი საათაშვილი, ბონდო კაკაშვილი და დავით შიუკაშვილი, რომლებმაც ასევე აღნიშნეს, რომ გამოძიებისთვის სასურველი ჩვენების გამო მათ ჩვენებები მისცეს ზეწოლის და მუქარის ნიადაგზე.
კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მზადდებოდა შეიარაღებული ფორმირება საქართველოში დესტაბილიზაციის მიზნით, შიდა ქართლის კონტრდაზვერვის სამსახურის თანამშრომელი ვახტანგ სარაულია.
ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი გუშინ 10.00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 19.00 საათზე დასრულდა. პროცესის ბოლოს პროკურორმა ოქრუაშვილისა და საქმეში ფიგურანტი ერთი პირის, იოსებ გიგუაშვილის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორმა 10 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ გირაოს თანხად 2 ათასი ლარი უნდა განისაზღვროს. აღნიშნულ შუამდგომლობაზე მსჯელობა პროცესის გახანგრძლივების გამო მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ დღეს, 14.00 საათისთვის გადადო და სწორედ დღეს გახდება ცნობილი მოსამართლის გადაწყვეტილება შუამდგომლობის თაობაზე.
როგორც პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა აღნიშნა, შუამდგომლობა მან დააყენა მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, რომლებიც დღეს დაიკითხნენ. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული პირების სასამართლო პროცესის არსებითი განხილვა მოწმეთა ჩვენებების ეტაპით გაგრძელდება 11 იანვარს 16.00 საათზე. როგორც პროცესზე აღინიშნა, დასაკითხი დარჩა სამი მოწმე, მათ შორის ერთი ძირითადი მოწმე, პატიმრობაში მყოფი მიხეილ მაჭარაშვილი და კიდევ ორი მოწმე.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"