პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექვთიმე თაყაიშვილი ეტალონური ერისკაცობისა და უმწიკვლო პატიოსნების მაგალითი იყო. ამის შესახებ პრემიერმა მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ საიუბილეო სხდომაზე განაცხადა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნებოდა.
პრემიერის თქმით, ექვთიმე თაყაიაშვილი დიდი მეცნიერი, არქეოლოგი, ისტორიკოსი და ფილოლოგი იყო. ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა თავისი უნიკალური ნაშრომებით წვლილი შეიტანა ხელოვნებათმცოდნეობაში. პრემიერის განცხადებით, გარდა დიდი მეცნიერისა, ექვთიმე თაყაიშვილი ერისკაციც იყო, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე და იყო დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებული კრების თავმჯდომარის მოადგილე.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა დაიცვა ეროვნული საგანძური, რითაც დღეს საქართველო ამაყობს. პრემიერის თქმით, ექვთიმე თაყაიშვილი სიდუხჭირეს განიცდიდა და საკმარისი იყო განძიდან თუნდაც მცირედი გაეყიდა, რომ ადამიანურად იცხოვრებდა, მაგრამ ეს არ იკადრა.
"საუკუნეების განმავლობაში ექვთიმე თაყაიშვილი იქნება მანათობელი, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს სამშობლო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ღონისძიებებით აღინიშნება წმინდა ექვთიმე თაყაიშვილისადმი ხსენება და ეს ჩვენთვის საამაყოა. მსგავსი ადამიანების ღვაწლი საუკუნეებს, ათასწლეულებს გაუძლებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა საიუბილეო სხდომაზე.
მანამდე საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა. ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლზე როინ მეტრეველმა და სხვა მეცნიერებმაც ისაუბრეს.
სხდომის დასასრულს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მათ საჩუქრად ხელნაწერი სიგელი და ეტრატზე დაწერილი ღვთისმშობლის ლოცვები გადაეცა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"