საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ წმინდა ნინოს მშობლების: ღირსი ზაბულონ და სოსანას ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II საღმრთო ლიტურგიას 2 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ზაბულონი კაბადოკიაში დაახლოებით 280 წელს ღრმადმორწმუნე ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. მეცნიერთა ვარაუდით, წმიდა ზაბულონი ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილია.
მოგვიანებით ზაბულონი რომის იმპერის მხედართმთავარი გახდა და იგი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება.
წმინდა ზაბულონის მეუღლე წმინდა სოსანა კი იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის და იყო. წმინდა ნინო მათ კაბადოკიაში შეეძინათ. როცა ნინო 12 წლის გახდა, მშობლებმა ყველაფერი გაყიდეს და იერუსალიმში გადავიდნენ. ზაბულონმა პატრიარქის კურთხევით სამოღვაწეოდ უდაბნოს მიაშურა. წმინდა სოსანა კი პატრიარქის კურთხევით უძლურებს უვლიდა.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდა ნინოს მშობლები: წმინდა ზაბულონ და წმინდა სოსანა წმინდანებად 1996 წლის 10(23) დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მიღებული განჩინებით შერაცხა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"