მოსამართლის მივლინებისა და საქმეთა განაწილების საკითხს ორგანული კანონი დაარეგულირებს

მოსამართლის მივლინებისა და საქმეთა განაწილების საკითხს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონი დაარეგულირებს. პარლამენტის მიერ აღნიშნულ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიღების შემდეგ, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა, ძალადაკარგულად გამოცხადდება კანონი "საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილებისა და უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების წესის შესახებ". პროექტის თანახმად, მივლინების შემთხვევებისათვის, მოსამართლეთა დაცვის მეტი სამართლებრივი გარანტიები იქმნება, ხოლო საქმეთა განაწილება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობითა და რიგითობის პრინციპით მოხდება. ამ ორი მიმართულებით "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონს ახალი მუხლი ემატება.

განსხვავებით მოქმედი რეგულირებისა, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის არყოფნისას, ან განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებით თავდაპირველად რეზერვში მყოფ მოსამართლეს მიმართავს, ხოლო უარის შემთხვევაში - იმავე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეებს. საბჭოს წინადადებაზე თანხმობის ან უარის შესახებ ინფორმაცია, წინადადების მიღებიდან შვიდ დღეში მიეწოდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება მიავლინოს მოსამართლე მისი თანხმობით და ერთ წლამდე ვადით, მხოლოდ იმავე ინსტანციის სასამართლოში. თუ არც ერთი მოსამართლე თანახმა არ იქნება, დასაშვები იქნება მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინება ტერიტორიულად ახლომდებარე სასამართლოდან. ასეთი მოსამართლე წილისყრით გამოვლინდება. მას ექნება უფლება გამოთქვას აზრი.

პროექტის გათვალისწინებით, მოსამართლის მივლინება მისი თანხმობის გარეშე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ორჯერ. მივლინების ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელი იქნება მოსამართლის მივლინება მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მივლინების საფუძვლების აღმოფხვრისას, მივლინება დადგენილ ვადაზე ადრე შეწყდება. მივლინების საფუძვლებთან ერთად, შესაბამის სასამართლოში იმავდროულად ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებული იქნება გონივრულ ვადაში გამოაცხადოს კონკურსი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად და ამ გზითაც იზრუნოს ვაკანსიის შევსებაზე.

"საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის. კანონპროექტი იუსტიციის სამინისტრომ "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ-გვერდზე განათავსა.

ნანა ჩაჩუა - არჩევნების წინ არსებულ ვითარებას შევაფასებდი როგორც სიურრეალიზმს, თანაც ისეთს, როგორსაც სალვადორ დალიც კი ვერ წარმოიდგენდა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2020
ილჰამ ალიევი იაპონურ გაზეთ Nikkei-სთან ინტერვიუში - ომის შემდეგ სომხეთს შეუძლია, აზერბაიჯანისა და თურქეთის პარტნიორი გახდეს
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე (R)
Admixer - ახალი შესაძლებლობები ციფრულ მარკეტინგში
ეფექტური ლოგისტიკა, როგორც სამშენებლო ინდუსტრიის განვითარების მექანიზმი (R)
დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
კავკასიის უნივერსიტეტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს