თბილისის საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება იგეგმება. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რამაზ სულამანიძემ განუცხადა , აღნიშნული საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სააგენტო ბაღებში უსაფრთხოების მიზნით კამერების დამონტაჟებას აპირებს.
მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სათვალთვალო კამერები აღსაზრდელთა ჯგუფებში არ განთავსდება და ძირითადად ბაღის შესასვლელებში, ჰოლსა და სამზარეულოში დამონტაჟდება.
რამაზ სულამანიძის შეფასებით, კამერების ჯგუფებში დამონტაჟება ცუდი არ იქნებოდა, თუმცა ეს ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან შესაძლოა, ბავშვების უფლებები დაირღვეს.
ამასთან, როგორც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რამდენიმე წელია, რაც თბილისში, რამდენიმე სახელმწიფო ბაღის ადმინისტრაციის ინიციატივითა და მშობლების მოთხოვნით, ზოგიერთ ბაღში კამერები დამონტაჟდა, რასაც სხვა ბაღებიც ითხოვენ. საკითხის განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სათვალთვალო კამერები თბილისის ყველა, 158 ბაღში დამონტაჟდება.
რამაზ სულამანიძე ამ ეტაპზე პროექტის სავარაუდო ღირებულებას ვერ ასახელებს. მისი ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში სათვალთვალო კამერები შესაძლოა, მომავალი წელს დამონტაჟდეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"