სპორტის სასახლეში თბილისის ძიუდოს გრანპრის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა მარიუს ვიზერმა და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს დედაქალაქი პირველად მასპინძლობს ასეთი მაღალი რანგის ტურნირს და ეს ძალიან სასიხარულოა.
"ჩვენთვის დიდი პატივია ამ ტურნირის ჩატარება. ძიუდო ძალიან პოპულარული სპორტია საქართველოში, შეიძლება იმიტომაც, რომ მასში კარგად ჩანს ქართველი კაცის მებრძოლი სული. საქართველოში ძიუდოს დიდი ტრადიცია აქვს და, შესაბამისად, დიდი მიღწევები გვაქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ძიუდოს განვითარებისთვის და ყველა პირობას ვუქმნით ძიუდოისტებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძიუდო და სწორედ ამიტომ გავზარდეთ დაფინანსება სპორტსმენებისა და მთლიანად ძიუდოსთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეროვნულ გუნდს ასეთი მაღალი დონის ძიუდოისტებთან მოუწევს ასპარეზობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მარიუს ვიზერმა საქართველოს მიულოცა ასეთი მაღალი რანგის ტურნირის მასპინძლობა. "მე მინდა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მივულოცო, რომ საქართველოში ტარდება ასეთი მაღალი დონის ტურნირი. მე ყველა მონაწილეს ვუსურვებ წარმატებას და გრანპრის გახსნილად ვაცხადებ", - განაცხადა ვიზერმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თქმით კი, ძიუდოს გრანპრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია, რასაც საქართველო მასპინძლობს.
"ჩვენთვის ასეთი რანგის ტურნირის მასპინძლობა საპატიოა და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას. მჯერა, რომ თბილისის ძიუდოს გრანპრი მსოფლიო კალენდარში თავის ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.
დავით ქევხიშვილის თქმით კი, ის მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, რომ არა სახელმწიფოს გვერდში დგომა, ამ ტურნირის ორგანიზება რთული იქნებოდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"