სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ეპილეფსიის დიაგნოზით, ხულოს 85 მცხოვრებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენაზე პაციენტების საკონტროლო გადამოწმებას იწყებს. ამასთან დაკავშირებით სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
"სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ "მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში" განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარებული ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის შედეგად დადგენილი ეპილეფსიის დიაგნოზის საფუძველზე, აჭარის სამ სამედიცინო დაწესებულებაში (შპს "მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში", შპს "ბათუმის №1 პოლიკლინიკაში" და შპს "უნიმედი აჭარა"-შუახევის სამედიცინო ცენტრში), 2013 წელს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა ჩაუტარდა და ეპილეფსიის დიაგნოზით განესაზღვრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ხულოს რაიონის მცხოვრებ 85 პირს.
მინისტრის დავალების შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, აღნიშნულ პაციენტებს საკონტროლო გადამოწმებისა და დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ადგილზე ჩაუტარდეთ კანონით განსაზღვრული დამატებითი გამოკვლევები, რასაც განახორციელებს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწესებულება – "აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი", "ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის" ექიმ ნევროლოგების მონაწილეობით. ამასთანავე, კონსულტაციებს გაუწევენ ექიმი-ნევროლოგები: ნიკოლოზ მალაშხია და ნათია ოკუჯავა, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური ცოდნა და გამოცდილება ეპილეფსიის მულტიდისციპლინური ექსპერტიზის საკითხში. ზედამხედველობას და კონტროლს განახორციელებენ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომლები.
ეპილეფსია წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და აქტუალურ პრობლემას მსოფლიო მედიცინაში, რაზეც აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩატარებული ღონისძიების შედეგების გათვალისწინებით და გაანალიზებით, შესაძლებელი იქნება, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის ინსტრუქციის ისეთი რედაქციის შემუშავება, რომლის საფუძველზე ეპილეფსიის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დიაგნოსტირების შედეგად მოხდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილი ჩატარება და შშმპ სტატუსის ადეკვატურად დადგენა, რაც გამოიწვევს სახელმწიფო გასაცემლის მიზნობრივად დანიშვნას და სახელმწიფო დახმარება გაეწევა ზუსტად იმ მოქალაქეს, ვისი მდგომარეობაც ყველაზე მეტად საჭიროებს ამას" – ნათქვამია განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"