პატიმარ გენადი ჯელაძის მეუღლე ლიკა ყაზბეგი სასჯელაღსრულების სამინისტროს დღევანდელ განცხადებას აბსურდულს უწოდებს. როგორც ყაზბეგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის ქმარს პატიმრებთან ცუდი ურთიერთობა არასდროს ჰქონია. ლიკა ყაზბეგი ადასტურებს, რომ იგი ერთ-ერთი პაემანის დროს სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, ეს ციხის დირექტორის ნებართვის საფუძველზე გააკეთა.
"ეს მოხდა ნიკოლოზობის დღესასწაულზე, 19 დეკემბერს. გვინდოდა, რომ სანთელი დაგვენთო ეკლესიაში მე და ჩემს მეუღლეს, რადგან ვართ ძალიან მორწმუნენი. ამის უფლება ციხის დირექტორმა მოგვცა და შესაბამისად, მე არ ვიცოდი, თუ რაიმე წესი ირღვეოდა ჩვენი მხრიდან. მისი თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი, შესაბამისად, კანონი სწორედ ციხის დირექტორმა დაარღვია. აბსურდულია სამინისტროს განცხადება, რომ ჩემს მეუღლეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სხვა პატიმრებთან", - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.
მისივე თქმით, აბსურდულია ასევე ყველა ის ბრალდება, რომელზეც სამინისტრო საუბრობს. ლიკა ყაზბეგის თქმით, გენადი ჯელაძეზე ბოლო პერიოდში მუდმივად ხორციელდებოდა ზეწოლა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ტორაძისა და საპატიმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მხრიდან.
"ისინი მოითხოვდნენ პატიმარს შეეწყვიტა ჩივილი მათ მიმართ წინა წლებში განხორციელებული წამებისა და არაადამიანურ მოპყრობის ფაქტებზე. 27 აპრილს იგი გააშიშვლეს და მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადაიყვანეს მეექვსე დახურულ დაწესებულებაში. ეს იმიტომ გააკეთეს, რომ მისგან ჩივილების შეწყვეტას ითხოვდნენ და არა იმიტომ, რაზეც სამინისტრო დღევანდელ განცხადებაში ყვება", - განაცხადა ლიკა ყაზბეგმა.
მისივე თქმით, დამამცირებელი მოპყრობის გამო ჯელაძემ შიმშილობა გამოაცხადა. ლიკა ყაზბეგის ინფორმაციით, მისი მეუღლე მე-17 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვს. ასევე მოითხოვს პატიმრის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას, მათ შორის შოთა ტორაძის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მსჯავრდებულ გენადი ჯელაძესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გენადი ჯელაძე და მისი ოჯახის წევრები უკვე რამდენიმე დღეა, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გენადი ჯელაძის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებიდან N6 დაწესებულებაში გადაყვანა უკავშირდება მის მიერ მიცემულ ჩვენებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ამჟამინდელი მოადგილის, შოთა ტორაძის წინააღმდეგ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
"მსჯავრდებული გენადი ჯელაძე 2013 წლის 26 სექტემბრიდან სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში. 2013 წლის 19 დეკემბერს, მსჯავრდებულ გენადი ჯელაძეს, გამოეცხადა დისციპლინური სასჯელი - ექვს თვემდე ვადით საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა, რისი მიზეზიც გახდა, გრძელვადიანი პაემნის დროს, მისი მეუღლის ლილიანა წიკლაურის დაწესებულების ტერიტორიაზე გაურკვეველი მიზეზით შეყვანა და იქ პატიმართა საკნების ერთობლივი მონახულება, რასაც მოჰყვა, როგორც გენადი ჯელაძის დასჯა, აგრეთვე დაწესებულების ხელმძღვანელობის განთავისუფლება.
ვინაიდან დისციპლინური სასჯელის მოქმედების პერიოდში, აღნიშნული მსჯავრდებული ვერ სარგებლობდა გრძელვადიანი პაემნით, იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა და არ ემორჩილებოდა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრულ დღის განრიგს, არღვევდა სარეჟიმო მოთხოვნებს, არ ცხადდებოდა დილის და საღამოს შემოწმებაზე, რამაც ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატიური ხასიათი. გარდა ამისა, იგი ფარულად მოუწოდებდა სხვა პატიმრებს, რომ მაქსიმალურად თავი აერიდებინათ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულებისთვის.
N17 დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურში არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებულ გენადი ჯელაძეს, თავისივე საქციელიდან გამომდინარე, დაპირისპირება ჰქონდა მსჯავრდებულთა გარკვეულ ნაწილთან, რის გამოც 2014 წლის 28 აპრილს იგი, სასჯელის შემდგომი მოხდისა და უსაფრთხოების მიზნით, გადაყვანილი იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულებაში.
მსჯავრდებულს ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ის ნახევრად ღია თუ დახურული, ხელი მიუწვდება სრულ სამედიცინო სერვისზე, რომლის სტანდარტი იდენტურია ყველა დაწესებულებაში. რაც შეეხება დახურული დაწესებულების გავლენას მსჯავრდებულის კონკრეტულ დაავადებაზე, მათ შორის კორელაცია სამედიცინო თვალსაზრისით დადგენილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ გენადი ჯელაძე გააგრძელებს შიმშილობას და უარს იტყვის მედიკამენტების მიღებაზე, ცხადია, მისი მდგომარეობა დამძიმდება, შესაბამისად, მასზე გაძლიერებულია სამედიცინო მეთვალყურეობა. დაწესებულების სამედიცინო პერსონალისგან მსჯავრდებულს შეეთავაზა შიმშილობის შეწყვეტა, თუმცა პროტესტის ამგვარის ფორმით გაგრძელებას მას ვერავინ აუკრძალავს", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.