თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო, როგორც მეზობელი და როგორც მეგობარი, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ჩვენს ერებს შორის "ღრმა ურთიერთობაა".
"მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თბილისში ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტის, მარგველაშვილის მოწვევით. ჩვენ საქართველოში ორი მიზეზის გამო ვართ. პირველი - იმ სამიტის გამო, რომელიც გუშინ გაიმართა და რომელზეც განხილული პროექტები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის და მეორე - ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა მქონდა როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერ-მინისტრთან. თურქეთისთვის საქართველო ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელვანი ქვეყანა, როგორც მეზობელი და როგორც მეგობარი - ძალზეც ღრმა ურთიერთობაა ჩვენს ერებს შორის. ყოველ წელს 1,8 მილიონი მოქალაქე ჩადის თურქეთში სააქართველოდან და 1,6 მილიონი თურქეთის მოქალაქე ჩამოდის საქართველოში. ეს გვიჩვენებს, თუ რა მასშტაბებია ადამიანებს შორის კონტაქტისა", - განაცხადა აბდულა გიულიმ.
მისივე განმარტებით, ჩვენი ქვეყნები არის მაგალითი თანამშრომლობისა და კეთილი ნებისა.
"ჩვენ ვიცავთ და პატივს ვცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. თურქეთს სჯეროდა და სჯერა, რომ ეს პრობლემა უნდა გადაიჭრას საერთაშორისო პრინციპების შესაბამისად. თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ძალისხმევას და მისწრაფებას ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ასე იქნება მომავალშიც. ძალიან მალე თქვენი ქვეყანა ხელს მოაწერს ასევე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განვითარებაა, რომელსაც ჩვენ მაქსიმურად დავუჭერთ მხარს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ამასთან, აბდულა გიულიმ საქართველოსა და თურქეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ამ კუთხით ხაზი ერთობლივ პროექტებს გაუსვა.
"ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ ბევრი თურქი ინვესტორი ახორციელებს საქართველოში ინვესტიციას. ენერგოსექტორი ეს ერთ-ერთი სფეროა, სადაც ერთობლივად მთელი პროექტები ხორციელდება. ასევე იმ ხელშეკრულებით, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოსთან, იქნება ელექტროენერგიის ექსპორ-იმპორტის ოპერაციები ჩვენ ქვეყნებს შორის - თურქეთის გავლით გავა გარკვეული ენერგორესურსები ევროპაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა - მთელი რიგი ინიციატივებია შემუშავებული. სარფის საბაჟოზე გვექნება ერთი ფანჯრის პრინციპი, კიდევ უფრო გაუმჯობესებული. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ტვირთების თავისუფალი დინებაც, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ასევე მოგეხსენებათ უფრო დიდი პროექტების შესახებაც, რომელთა შორისაა, მაგალითად, სარკინიგზო პროექტი. მისი 80 პროექტი უკვე დასრულებულია, უახლოეს მომავალში კი, ის მთლიანად იქნება განხორციელებული", - განმარტა აბდულა გიულიმ.
გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა კულტურული მემკვიდრეობის შესახებაც ისაუბრა და რელიგიური მრწამსის თავისუფლების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენს ქვეყნებს ძალზედ მდიდარი, უმდიდრესი კულტურული მემკვიდრეობა აქვთ. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მისი აღდგენა, მოვლა, შენახვა უაღრესად მნიშვნელოვანია ორივე ჩვენგანისთვის. ასევე მნიშვნელოვანია რელიგიური მრწამსის თავისუფლება. ესაა განუყოფელი ნაწილი დემოკრატიისა, ესაა ის პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება ირწმუნოს ის, ვისიც სჯერა და ეს ძალზეც მნიშვნელოვანია", - დასძინა თურქეთის პრეზიდენტმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"