განახლებული "საქართველოს ფოსტა" ევროპულ სტანდარტებს ნერგავს. როგორც "საქართველოს ფოსტას" პრესსამსახურში აცხადებენ , მას შემდეგ, რაც საქართველო "მსოფლიო საფოსტო კონვენციას" შეუერთდა, ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგებისა და საფოსტო ურთიერთობების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით დარეგულირების ვალდებულება იკისრა, რის შესრულებაც დღემდე ვერ მოხერხდა. 2005 წლამდე მოქმედებდა ძველი კანონი, რომელიც კონვენციას საერთოდ არ შეესაბამებოდა, ამიტომაც იმჟამინდელმა ხელისუფლებამ კანონი გააუქმა, თუმცა ახლის შემუშავება ვერ მოახერხა. საქართველოში დღემდე არ არსებობდა საფოსტო სფეროს მომწესრიგებელი კანონმდებლობა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ კი მოამზადა კანონპროექტი "საფოსტო კავშირის შესახებ", რომელიც უზრუნველყოფს ამ სფეროს სამართლებრივ მოწესრიგებას. მისი ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, ეროვნულ ოპერატორად "საქართველოს ფოსტა" 20 წლით დაინიშნება.
"საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის, ლევან ჩიკვაიძის თქმით, საფოსტო სფეროს რეგულირება სახელმწიფოს ფუნქციაა.
"არსებობს მსოფლიო საფოსტო კავშირი (UPU), რომელშიც გაერთიანებულ 192 ქვეყანას ერთმანეთთან ვალდებულებები გააჩნიათ, რასაც უნივერსალური საფოსტო მომსახურება ეწოდება. საფოსტო პროდუქტი არის ამანათი და წერილობითი კორესპონდენცია. ამ 192-მა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, რომ საფოსტო პროდუქტს ერთმანეთში დაბალ ფასში გაცვლიდნენ და ამ ქვეყნების თითოეული მცხოვრებისთვის ეს მომსახურება ხელმისაწვდომი იქნებოდა. ეს ვალდებულება აიღეს სახელმწიფოებმა და მას ასრულებდნენ სწორედ სახელმწიფო ორგანოები. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ სფეროს ლიბერალიზაცია, ანუ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულება კერძო სექტორის მონაწილეობით უნდა განხორციელებულიყო. ევროპაში ამ პროცესს 20 წელი დასჭირდა და 2013 წელს ევროკავშირის ქვეყნებში დასრულებულად გამოცხადდა. თუმცა ეს არ ნიშნავს უნივერსალური მომსახურების ვალდებულების კერძო სექტორისთვის გადანდობას. უბრალოდ კერძო სეგმენტსაც მიეცა საშუალება ბიზნესინტერესის შემთხვევაში საფოსტო სფეროში მიეღო მონაწილეობა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატ თუ ასოცირებულ წევრ ქვეყნებში კი ლიბერალიზაციის ვადა სხვადასხვანაირად განისაზღვრა. რაში გამოიხატება საფოსტო მომსახურების ხელმისაწვდომობა და სიიაფე? - მაგალითად, ავსტრალიიდან ხულოს რაიონში წერილის ადრესატამდე მიტანა ამ ორი სახელმწიფოს ვალდებულებაა, ანგარიშსწორებისას გამგზავნი ქვეყანა ანაზღაურებს საფასურს - 70 თეთრს, რაც დამეთანხმებით, ბევრად ნაკლები ღირებულებაა ტრანსპორტირება, დამუშავება, ადრესატისთვის გადაცემისთვის. ეს ოპერატორს გაცილებით ძვირი უჯდება, მით უფრო, რომ კორესპონდენციების ბრუნვა ხულოს მსგავსი შორეული რაიონების მიმართულებით ძალიან დაბალია, მაგრამ ოპერატორი ვალდებულია შეასრულოს უნივერსალური მომსახურება. ამ წამგებიანი ბიზნესის საკომპენსაციოდ ყველა სახელმწიფო მიმართავს სხვადასხვა ხერხს. ზოგიერთი ქვეყანა ახდენს პირდაპირ სუბსიდირებას, უმრავლესობა ეროვნულ ოპერატორს იგივე საფოსტო ბიზნესის გარკვეულ სეგმენტში ოპერირების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს", - აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.
მაგალითისთვის, მისივე თქმით, თავის დროზე გერმანულ "დოიჩე ფოსტას" 500 გრამამდე წერილობით კორესპონდენციის გადატანაზე ჰქონდა ექსკლუზიური უფლება. ქვეყნებში, სადაც ზარალის დასაფარად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, გაიცა საბანკო ლიცენზია, ან ჟურნალ-გაზეთების ექსკლუზიური გავრცელების უფლება მიანიჭეს.
"საქართველოში კი იმ ოპერატორს, რომელიც უნივერსალურ მომსახურებას შეასრულებს, გადაეცემა 100 გრამამდე წერილობითი კორესპონდენციისა და 30 კილოგრამამდე სახმელეთო გზით ამანათის გადატანის ექსკლუზიური უფლება, ეს შეეხება მხოლოდ სახმელეთო გადაზიდვის გზით შემოტანილ ამანათს, რომლის ოპერირებასაც დღემდე მხოლოდ "საქართველოს ფოსტა" ახდენს. ამ სამუშაოს არ ასრულებენ სხვა, ამ შემთხვევაში ოპონენტი კომპანიები. მათი სფერო მხოლოდ საჰაერო გადაზიდვებია. შესაბამისად, ამ ფორმულირებით მიღებული კანონი დღეს საქართველოში მოღვაწე არც ერთ კომპანიას არ შეზღუდავს. ეროვნული ოპერატორისთვის სახმელეთო გზით შემოტანილი ამანათის დარიგების უფლების გადაცემა 5 წლის ვადით განისაზღვრა. ეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს უკავშირდება, სადაც ნათქვამია, რომ საფოსტო-საკურიერო სფეროში ლიბერალიზაციის პროცესი საქართველოში 5 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს, ანუ ამ დროისთვის სასურველია ისე გაიზარდოს საფოსტო ბიზნესი და "საქართველოს ფოსტაც" ისე განვითარდეს, რომ დამოუკიდებლად, სახელმწიფოს ნაკლები მონაწილეობით შეასრულოს უნივერსალური მომსახურება", - აღნიშნავს "საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორი.
როგორც ის აცხადებს, კანონპროექტში საუბარია მხოლოდ საფოსტო პროდუქტებზე - წერილობითი კორესპონდენციასა და ამანათზე და არა კომერციულ ტვირთზე, რაც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთში ერევათ ოპონენტებს.
"ამ 192 ქვეყნიდან მხოლოდ ჰოლანდიასა და მალტაშია დანიშნული ეროვნულ ოპერატორად უცხო ქვეყნის კომპანია. ყველა სხვა ქვეყანამ ეროვნულ ოპერატორად თავისავე ქვეყნის წარმომადგენელი ის კომპანია დანიშნა, რომელიც 100%-ით სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული, ისევე, როგორც "საქართველოს ფოსტა". არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო იმისა, თუ ეროვნული ოპერატორი კონკურსის წესით გამოვლინდება. თუ სახელმწიფო ასე გადაწყვეტს, მზად ვართ მივიღოთ კონკურსში მონაწილეობა. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, რადგან მსგავსი სიდიდის ქსელი და ინფრასტრუქტურა აქ მომუშავე არც ერთ სხვა კომპანიას არ აქვს. რაც შეეხება 20-წლიან ვადას, ეროვნულ ოპერატორს 2 წლით არსად ნიშნავენ, თუმცა ესეც სახელმწიფოს გადასაწყვეტია. სრულიად გაუგებარია რიგი საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსვლა. ყველას ვურჩევ, კარგად წაიკითხოს ეს დოკუმენტი. ეკონომიკის სამინისტრო ყველა დაინტერესებულ ადამიანს განხილვაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, თუმცა, როგორც ამბობენ, დღემდე არავის გამოუთქვამს დასაბუთებული შენიშვნები. ეს კანონპროექტი ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალებას ყველას აძლევს. ბევრად უფრო ლიბერალურია, ვიდრე ნებისმიერი ევროპული ქვეყნის, რომ არაფერი ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც სახელმწიფო ექსკლუზიურად სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით ოპერირებს", - დასძინა ლევან ჩიკვაიძემ.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"