აჭარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობაში ძალიან დიდია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხულოს რაიონის მოსახლეობას.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურთან შეხვედრას რაიონის უხუცესები ესწრებოდნენ. მათ ირაკლი ღარიბაშვილს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ ხულოს რაიონში პრემიერ-მინისტრის სტუმრობის პირველი შემთხვევაა.
პრემიერი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და განუმარტა, რომ მთავრობა წლების განმავლობაში დაგროვებული ელემენტარული პრობლემების მოგვარებაზე აქტიურად მუშაობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ადიგენი-ხულოს დამაკავშირებელი გზა, სოფლების გაზიფიცირება და სასმელი წყალი.
როგორც შეხვედრაზე გაირკვა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, საშუალოვადიან პერსპექტივაში კი გაზიფიცირებისა და წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებაც იგეგმება.
მოსახლეობამ მთავრობის მეთურს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და ეკომიგრანტების პრობლემის მოგვარების თხოვნითაც მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ზარალი უკვე დათვლილია და თითოეული ოჯახი შესაბამის ანაზღაურებას მიიღებს. რაც შეეხება ეკომიგრანტების პრობლემას, პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ამასთან, შეხვედრაზე ერთ-ერთ პრობლემად ადიგენის ტყეზე ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობისას გამოცხადებული ტენდერი დასახელდა. მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული პრობლემაც წელს მოგვარდება.
ადგილობრივები მთის კანონითაც დაინტერესდნენ. პრემიერის ინფორმაციით, კანონი მთიანი რეგიონების შესახებ ოქტომბერში იქნება მიღებული.
"ბევრი რეგიონი მოვიარე და ყველგან არის პრობლემები, რომლებიც წლების განმავლობაში გროვდებოდა. ხელისუფლების წარმომადგენლებს ხანდახან ჰგონიათ, რომ რასაც აკეთებენ, იმისთვის მადლობა უნდა მიიღონ. ეს ასე არ არის. მათ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ხალხის მიერ არჩეული არიან და ხალხს უნდა ემსახურონ. აჭარის დამსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობაშ ძალიან დიდია. ქრისტიანი და მუსულმანი ქართველების ერთობა წარმოადგენდა ყოველთვის ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს. ვერანაირი ძალა ჩვენს ერთობას ვერ მოერევა, რადგან ჩვენ ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებს. ვიცი, რომ ბევრი საბაზისო პრობლემაა და მათ ეტაპობრივად მოგიგვარებთ", - მიმართა პრემიერმა ადგილობრივებს.