რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე არსებობს მეწყერის განმეორების ალბათობა და აუცილებელია დამცავი კედლის მოწყობა - ამის შესახებ ინფორმაციასსაავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დეპარტამენტიდან აცნობეს, რიკოთის უღელტეხილის 146-ე კილომეტრზე გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს გეოლოგთა ჯგუფმა შეისწავლა რიკოთის უღელტეხილის 146-ე კმ-ზე კლდე-ზვავის ტიპის მეწყერის ჩამოწოლის მიდამოები.
"მათი შეფასებით, აღნიშნული უბანი განეკუთვნება მეწყერსაშიშ ზონას, სადაც რთული გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, არსებობს მეწყერის განმეორების ალბათობა. გეოლოგების დასკვნის შესაბამისად, მაღალი რისკის მქონე მიდამოებში აუცილებელია ტექნიკური ღონისძიებების გატარება; კერძოდ, დამცავი კედლის მოწყობა, რომელიც დაიცავს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთს მეწყრული ჩამონაშალისაგან.
გეოლოგებმა დიდი დახრილობის მქონე ფერდობის თავზე მძიმე ტექნიკის შეყვანა და ხელოვნური საფეხურების შექმნა, მაღალი რისკის შემცველობის გამო, მიზანშეუწონლად მიიჩნიეს. აქედან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი სამუშაოებს ფერდობის კალთის ძირში ახორციელებს. მოეწყო დროებითი დამცავი კედელი, რომლის უკანაც ხორციელდება მეწყრული ჩამონაშალის გამოტანა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზა შევიწროვდა, რამაც აუცილებელი გახადა სავალი ნაწილის გაფართოება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის მოწყობის სამუშაოები", - ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ამასთან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე მიმართა შესაბამის საპროექტო ორგანიზაციას. საპროექტო ორგანიზაცია განიხილავს გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს გეოლოგთა ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს და მოამზადებს დეტალურ საპროექტო წინადადებებს, რომლის მიხედვითაც მოხდება დამცავი ღონისძიებების განხორციელება.
რიკოთის უღელტეხილზე მეწყერი განმეორებით 17 ივნისს ჩამოწვა, რამაც გზის სავალი ნაწილის ჩაკეტვა და საავტომობილო მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"