ე.წ. პრესტიჟული, ძვირადღირებული საავტომობილო ნომრის მფლობელებს ძველი ნიმუშის ნომრების ახლით შეცვლისას იმ სხვაობის გადახდა მოუწევთ, რომელიც ძველსა და ახალს შორის იქნება.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი შესაბამისი კანონპროექტის გარდამავალი დებულებების ნაწილში ნათქვამია, რომ ძველი სარეგისტრაციო ნომრის ახალი ნომრით შეცვლისას, ერთი წყვილი ახალი ნიმუშის სარეგისტრაციო ნომრის საფასური 35 ლარს შეადგენს, თუ ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილი საფასური ტოლია ან ნაკლებია იმ საფასურისა, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის.
ამასთან, პროექტში ასევე ნათქვამია, რომ "ძველი სარეგისტრაციო ნომრის ახალი ნომრით შეცვლისას, ერთი წყვილი ახალი ნიმუშის სარეგისტრაციო ნომრის საფასური შეადგენს სხვაობას ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის დადგენილ საფასურს და იმ საფასურს შორის, რომელიც დადგენილი იყო შესაცვლელი, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისათვის, თუ ახალი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის გაცემისთვის დადგენილი საფასური იმ საფასურზე მეტია, რაც განსაზღვრული იყო ძველი ნიმუშის ნომრისთვის".
გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, შს მინისტრის მიერ განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ძველი ნიმუშის ავტომობილის რეგისტრაციის ნომრებს იურიდიული ძალა 2020 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება. ამავე პერიოდამდე შენარჩუნდება მისაბმელის, სასოფლო-სამეურნეო მანქანის, სპეციალიზირებული თვითმავალი მანქანისა და მოტოციკლის აქამდე არსებული სანომრე ნიშნების იურიდიული ძალა.
ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის ახალი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრით შეცვლისა და გაცემის წესს და დამატებით პირობებს შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალებათა ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების საფასურები განსაზღვრა და შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს უკვე მიმართა.
სააგენტოს მიერ მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, უცვლელი რჩება სახელმწიფო სანომრე ნიშნის აღებისათვის, ასევე დაკარგული ან დაზიანებული სანომრე ნიშნების აღდგენისთვის განსაზღვრული საფასური და ის კვლავ 35 ლარს შეადგენს. თუმცა მძღოლებს, რომლებიც უპირატესობას ე.წ. პრესტიჟულ ნომრებს ანიჭებენ, ასეთი სანომრე ნიშნების შეძენა უფრო ძვირი დაუჯდებათ, ვიდრე აქამდე არსებული დიზაინის პრესტიჟული ნომრებისთვის იხდიდნენ. მაგალითად, დღეს მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა 111-დან 999-ის ჩათვლით (BBB - 333), 800 ლარი ღირს. ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების შემთხვევაში კი, როცა სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო იდენტურია, იდენტური ციფრებით (BB – 333 - BB) 1000 ლარი ეღირება; ასევე დღეს 400 ლარი ღირს სანომრე ნიშანი, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო იდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაცია იცვლება 100-დან 900-ის ჩათვლით (NNN - 400), პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით კი, სანომრე ნიშანი NN – 400 – NN, 600 ეღირება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"