სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავს , იგორ და ბათირ ფუხაევების გათავისუფლებისთვის ძალისხმევა არ დაიშურონ.
ამის შესახებ ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც ის 2014 წლის 11 ივლისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლის, იგორ ფუხაევისა და მისი ძმის, ბათირ ფუხაევის დაკავებასთან დაკავშირებით ავრცელებს.
"არსებული ინფორმაციით, მათ ბრალს სდებენ სამშობლოს ღალატსა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. ორივე ძმა საკუთარი დედის დაკრძალვაზე იქნა დაკავებული. როგორც Эхо Кавказа იუწყება, ძმებმა ფუხაევებმა ცხინვალში ჩასვლამდე ადგილობრივი "ხელისუფლებისგან" უსაფრთხოების გარანტიები მიიღეს. ფუხაევების მშობლები ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობენ. მათი დედა თბილისში მკურნალობის კურსს გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. "წითელი ჯვრის" მისიის მეშვეობით შესაძლებელი გახდა მისი ცხინვალში გადასვენება. ხოლო იგორ და ბათირ ფუხაევები სამხრეთ ოსეთში ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით მოხვდნენ. ცხინვალში შესვლიდან 6 საათის შემდეგ მოხდა მათი დაკავება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ იგორ ფუხაევი არის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელის, დიმიტრი სანაკოევის მრჩეველი სპორტის საკითხებში და საფეხბურთო გუნდ "სპარტაკ–ცხინვალის" მენეჯერი (ადმინისტრაციასთან არსებული საფეხბურთო კლუბი). მას არანაირი კავშირი არ აქვს ცხინვალის რეგიონში "გადატრიალებასთან", ხოლო სამშობლოს ღალატში მისი დადანაშაულება კატეგორიულად მიუღებელია. ცხინვალის "ხელისუფლების" მოქმედებები სამხრეთ ოსეთის ადმინისტაციაში მიაჩნიათ არაკანონიერად, ხოლო დაკავებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებენ", - ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"