კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ექიმების 80% 11 აგვისტოდან დატოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კლინიკის ყოფილმა დირექტორმა ზაზა სინაურიძემ განუცხადა , უკვე დანიშნულია ახალი დირექტორიც; აღნიშნულ პოსტზე გიორგი ბერიშვილი დაინიშნა.
ზაზა სინაურიძემ და კლინიკის 50-მდე ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორშაბათს დაწერეს. თუმცა, 11 აგვისტომდე ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სინაურიძის თქმით, სამედიცინო პერსონალსა და მენეჯმენტს განსხვავებული ხედვა აქვთ, რის გამოც ექიმები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პაციენტების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვეღარ იყოს.
"ის მენეჯმენტი, რაც ხორციელდება, სამედიცინო პერსონალს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების ხარისხი ვუზრუნველყოთ. საბოლოო ჯამში, ეს მივა იქამდე, რამე რომ გართულდეს, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა დადგება. არავინ არ იკითხავს ვინ არის მმართველი, იკითხავენ, ვინ გააკეთა ოპერაცია. აქ არის ხედვებში სხვაობა. სამედიცინო დახმარების პროცესი ძალიან ბევრი რგოლისგან შედგება, მათ შორისა - ლოჯისტიკა, ადამიანური რესურესების მართვა, ამას კრავს ფინანსური სამსახურები. ამას დამატებული სამედიცინო ჩარევები გვაძლევს სამედიცინო პროცესს, რომლის ხარისხი დამოკიდებულია ყველა რგოლზე. როდესაც ეს რგოლები ჩავარდნილია ცხადია, რომ მარტო სამედიცინო დახმარება ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. არის სიტუაცია, რომ დღეში მშობიარობს 5 ქალი და არის სიტუაცია, როცა დღეში 25 ქალი მშობიარობს. ხომ არ შეიძლება რომ ერთი და იგივე რაოდენობის პერსონალი დასჭირდეს. ცხადია, პერსონალი უნდა დაემატოს. ერთ ექთანზე მოდის 25-27 მელოგინე. ფიზიკურად ვერ მოასწრებს ის ყველასთვის ყურადღების მიქცევას",-აცხადებს სინაურიძე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა საკუთარი ხედვა მენეჯმენტს გააცნეს, მენეჯმენტმა სათანადოდ ვერ გაითავისა აღნიშნული პრობლემები და პასუხი პრაქტიკულად არ მიუღიათ.
სინაურიძის ინფორმაციით, ექიმების გაღიზიანება გამოიწვია შრომითმა ხელშეკრულებებმაც, სადაც მათთვის მიუღებელია რამდენიმე პუნქტი.
"ყველაზე გამაღიზიანებელი პუნქტი იყო ის, რომ სხვა სამსახურში მუშაობის უფლება შეზღუდულია, მეორე მომენტი იყო ის, რომ სამსახურიდან როცა გაგიშვებენ ან თავად წახვალ, ექვსი თვე სხვაგან ვერ იმუშავებ. თუმცა, ეს არ არის ის ფაქტი რის გამოც მივიღეთ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, ეს არის ბოლო წვეთი, თორემ ჩვენი ძირითადი წუხილი არის პაციენტის უსაფრთხოება",-აცხადებს სინაურიძე.
კლინიკა "ახალი სიცოცხლე" მმართველ კომპანიას "ევექსი" წარმოადგენს, რომელიც კლინიკის მართვას თებერვლიდან ახორციელებს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"