ნანა ჯანელიძის "იავნანა" ეროვნულ არქივში შეინახება

რეჟისორმა ნანა ჯანელიძემ დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს თავისი მხატვრული ფილმის "იავნანა"კინოფირის სამი ასლი გადასცა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, მხატვრული ფილმი 1994 წელს არის გადაღებული. სცენარის ავტორები არიან: ნანა ჯანელიძე, ნინო ნატროშვილი; დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ბერიძე; კომპოზიტორები: ჯანსუღ კახიძე, ვახტანგ კახიძე. ფილმი გადაღებულია იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მოტივზე.

"ეს ფილმი გადაღებულია 90-იან წლებში, ამიტომ ფირი დაზიანებულია. გადავწყვიტე, რომ იგი ეროვნული არქივისთვის გადამეცა და ძალიან მადლობელი ვარ მათი, რადგან მაშინვე გამოუცვალეს კოლოფები, გაწმინდეს და უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ფირი საიმედოდ იქნება დაცული. მოვუწოდებ ყველას, რომ ვისაც ჯერ კიდევ აქვს ფირები სახლებში, გადასცენ ეროვნულ არქივს. ფირები იქნება დაცული და, რაც მთავარია, ხელმისაწვდომი გახდება ყველა მკვლევარისთვის თუ კინომოყვარულისთვის", - განაცხადა ნანა ჯანელიძემ.

როგორც ეროვნული არქივის დირექტორმა, თეონა იაშვილმა განაცხადა, ეროვნული არქივის კინოკოლექციაში მხატვრული ფილმების ძალიან მცირე რაოდენობაა.

"ჩვენი კოლექცია შედგება დოკუმენტური და სატელევიზიო ფილმებისგან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ასეთი შენაძენი. ქალბატონმა ნანა ჯანელიძემ უნიკალური ფილმი გადმოგვცა, მოხდება ამ ფილმის საარქივო წესით აღრიცხვა, შემფეგ გაციფრულება, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს მის ხელმისაწვდომობას. გარდა ამისა, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ და ვგეგმავთ, რომ მომავალშიც მოხდეს სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვანი ფილმების ჩვენთან შენახვა", - აღნიშნა თეონა იაშვილმა.

ეროვნულ არქივში 35 000-მდე კინოდოკუმენტი ინახება. თუმცა, კოლექციის ძირითად ნაწილს დოკუმენტური ფილმები, კინოსიუჟეტები, კინოქრონიკა, კინოჟურნალები წარმოადგენს; მხატვრული ფილმები არქივში მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. 76 დასახელების ფილმს შორისაა: "არსენა" (1923); "სამი სიცოცხლე" (1924); "ვინ არის დამნაშავე" (1925); "ნორჩი მფრინავი" (1928) და სხვა. ასევე, სატელევიზიო მხატვრული ფილმების სტუდიაში შექმნილი ფილმები: "დედის ხელი" (1959), "უსახელო უფლისციხელი" (1968); "ცაბუნია" (1969), "ქვევრი" (1970) და სხვა.

ნანა ჯანელიძის "იავნანა" მნიშვნელოვანი შენაძენია ეროვნული არქივის კინოკოლექციისთვის. უახლოეს მომავალში ფილმი ციფრულ მატარებელზე გადავა და კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

გიორგი მელაშვილი - „ოცნების“ მიზანია ევროპული კურსიდან გადახვევის, ისტორიული შანსის ხელიდან გაშვებისა და ქვეყნის იზოლაციის მთელი პასუხისმგებლობა ბრიუსელის „დაუთმობლობას“ გადააბრალოს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.06.2026
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში