ფარული მოსმენების საკითხზე მომუშავე კომისია ე.წ. გასაღების თემის გადაწყვეტის მიზნით, სამ მოდელზე მუშაობს, - ამის შესახებ კომისიის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.
"არის 3 შესაძლო მოდელი, რომელიც მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს. ერთი მოდელია ის, რაც ჩვენთან დღემდეა და ასევე არის რამდენიმე ქვეყანაში, როდესაც თავად ის უწყება ახორციელებს ფარულ მოსმენებზე მიერთებას, რომელიც გამოძიებას ატარებს. მეორე სქემა უფრო გავრცელებულია – ის გულისხმობს იმას, რომ თავად GSM ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები ახორციელებენ ჩართვას ამ მოსმენაზე, მესამე სქემის მიხედვით კი, რაც ასევე იშვიათად გამოყენებაა - ასეთ ჩართვას აკეთებს ცალკე სახელმწიფო ორგანო, რომელსაც არ აქვს არნაირი გამოძიების, ანალიზის უფლება, უბრალოდ ტექნიკურად ასრულებს მოსამართლის მიერ გაცემულ განჩინებას. არის ეს სამი მოდელი. ამაზე საუბარი გვექნება მომდევნო კვირაშიც და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მანამდე კი თავს შევიკავებ იმის გაცხადებისგან, თუ რომელი მოდელია პირადად ჩემთვის მისაღები. წინ გვაქვს გამოცდილ ექსპერტებთან შეხვედრა", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
რაც შეეხება ე.წ. ფარული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების თაობაზე გარე კონტროლის სქემას, დეპუტატის განმარტებით, აღნიშნულზე კომისიის წევრებს შორის შეთანხმება თითქმის მიღწეულია.
"გარე კონტროლი განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ და კანონში სათანადო ცვლილებების შემდგომ ეს უკვე პარლამენტის სპეციალური ჯგუფის მიერ, რომელიც იქნება ნდობის ჯგუფის ანალოგიური. კონტროლის სქემა არის ისეთი, რომ თუკი მოხდა არასანქცირებული ჩართვა ვინმესი ფარულ მოსმენაზე, ეს ვერ დაიმალება და გამოჩნდება ტექნოლოგიურ დონეზე. ზოგადად ელექტრონული სისტემები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ხორციელდება, ტოვებდეს თავის კვალს, როგორც თითის ანაბეჭდს და ამის მიხედვით მოხდება შემოწმება. ამაზე თითქმის შეთანხმებული ვართ. თუ რაიმე კორექტივები არ შევიდა ამ სქემაში ევროსაბჭოს ექსპერტების მხრიდან, რომლებთანაც ამ თემაზე გვექნება საუბარი მომდევნო კვირაში დაგეგმილ კონფერენციაზე", - აღნიშნა ხმალაძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"