შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედვით , ამ პოსტზე ვალერი კვარაცხელია დაინიშნა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვალერი კვარაცხელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ", -ნათქვამია პრემიერ-მინსიტრის ბრძანებაში.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ-ერთი მოადგილე, მარიამ ჯაში "სოლიდარობის ფონის" ხელმძღვანელად დაინიშნა.
ვალერი კვარაცხელია ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, 1999 წლის მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, პოლიტიკური პარტია "ახალი მემარჯვენეებიდან".
1978 - 1984 წლებში დამთავრებული აქვს კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სპეციალობა - სამკურნალო საქმე, კვალიფიკაცია – ექიმი, 1990 - 1992 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სპეცფაკულტეტი" - ბიზნესის უმაღლესი სკოლა, სპეციალობა - ტურიზმის, საკურორტო და სასტუმრო მეურნეობის ეკონომიკა, კვალიფიკაცია – ეკონომისტი.
სამუშაო გამოცდილება:
2010-2014 წლებში ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2004-2010 წწ. - ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი"-ს დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი. 1995-1999 წწ. - "საქკურორტბანკი"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995 წწ. - კონცერნ "საქკურორტი"-ს პრეზიდენტის თანაშემწე; 1989-1992 წწ. - კურორტ "სქური"-ს მთავარი ექიმი; 1986-1989 წწ. - ქ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი.
1984-1986 წწ - ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი.