თბილისში ავტომუზეუმი გაიხსნა. მუზეუმის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გია ალიბეგაშვილი და მერიისა და საკრებულოს სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომუზეუმი თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი იქნება. "დედაქალაქს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა, ისეთი, როგორიც ჩვენს ისტორიას არ ახსოვს. ძალიან კარგია იმისთვის, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გავიხსენოთ ის ავტომობილები, რომლითაც წლების წინ გადავაადგილდებოდით. ერთი მხრივ, საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ისტორიას გვახსენებს, მეორე მხრივ, კი, ძალიან ბევრი ვიზიტორი დაინტერესდება მუზეუმის მონახულებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მუზეუმის დირექტორმა გია მამულაშვილმა დღესვე დავით ნარმანიას, გია ალიბეგაშვილსა და შალვა ოგბაიძეს მუზეუმის მცველის სერტიფიკატები გადასცა.
როგორც გია მამულაშვილმა აღნიშნა, მუზეუმში წარმოდგენილი ავტომობილებიდან ყველაზე უხუცესია 1933 წელს გამოშვებული, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა - 1970 წელს გამოშვებული ავტომობილი.
გია მამულაშვილმა მუზეუმის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. "მუზეუმს ორი ახალი ფუნქცია დაემატება, ავტომუზეუმის ტერიტორიაზე იარსებებს რეტრო ავტომობილების მოყვარულთა კლუბი და მუზეუმს ექნება საკუთარი სახელოსნო, სადაც მოყვარულებს შეეძლებათ ავტომობილებისთვის პირვანდელი სახის მიცემა. გვექნება ყველა პირობა იმისათვის, რომ აღვადგინოთ ავტომობილები ქარხნული წესით", - განაცხადა გია მამულაშვილმა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით, ქუჩა, სადაც მუზეუმი გაიხსნა, სამგორის რაიონში მდებარეობს და მას ავტომუზეუმის ქუჩა დაერქვა.
იხილეთ ბმული: ექსტრემალური სანახაობა და ანტიკვარული და ახალი ავტომობილები - "აუტო ბილდის" ტრადიციული ავტოშოუ თბილისობაზე
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"