საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ორგანულ კანონში "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ცვლილების პროექტს წარადგენს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოდან" აცნობეს, პროექტი თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, წარმოდგენილი კანონპროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მომზადდა, თუმცა ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს ეყრდნობა, რომელიც ფონდმა "ღია საზოგადოება - საქართველომ" და მისმა პარტნიორმა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის "თვითმმართველობის დროა" ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდინეს.
კანონპროექტის პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ღონისძიება ტარდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ინიციატივით. ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
ღონისძიება დღეს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"