აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე შვედეთის სამეფოს ეროვნული სააღსრულებო სააგენტოს წარმომადგენლებსა და საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" აღსრულების ეროვნული ბიუროდან აცნობეს, სტუმრებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს შენობა დაათვალიერეს და ბიუროს მუშაობის სტრუქტურასა და სპეციფიკას გაეცნენ.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარემ, იოსებ ბაღათურიამ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მარტინა ქუიქსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლებს ბიუროს სტრუქტურული ერთეულების მუშაობის პრინციპი თავად გააცნო.
მხარეებმა შეხვედრისას ისაუბრეს აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელებულ პროექტებზე, საკანონმდებლო კუთხით დაგეგმილ ცვლილებებსა და იმ გზებზე, რომელთა მეშვეობითაც ბიურო ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საუბრის ძირითადი თემა იყო ასევე, სერვისის გაუმჯობესების კუთხით ბიუროში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები, ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები.
შეხვედრისას განხილული იყო საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტი, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიცაა: სააღსრულებო მომსახურების გაუმჯობესება, აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"