ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი გუდაძის ახლობლები და ადვოკატები მრგვალ ბაღში საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გუდაძის ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა განუცხადა, საქმეში არსებული ე.წ. მტკიცებულებები ადასტურებს, რომ გიორგი გუდაძის დაკავება არის სრულიად უკანონო.
"გიორგი გუდაძე 13 დღეა, რაც შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არც ისე რთულია, თუმცა მომავალში, რა თქმა უნდა, გართულდება. ჩხრეკისა და დაკავების ფაქტები ადასტურებს, რომ ის არის სრულიად უკანონო პატიმრობაში. ამას ადასტურებს ის ე.წ. მტკიცებულებები, რომელიც დევს საქმეში. ჩვენ მოვითხოვთ, რომ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეიცვალოს და გიორგი გუდაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს შესაბამისი შუამდგომლობით. სასამართლოს მომავალ კვირაში მივმართავთ. სასამართლომ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და გიორგი გუდაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უნდა გააუქმოს", - აღნიშნა ჯანგირაშვილმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის არ ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ ჩაუდო პოლიციამ ნარკოტიკები მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
გიორგი გუდაძის მეგობრების განცხადებით, საქმეში დევს ნარკოტიკები და მე-17 საუკუნის დამბაჩა. "სახლში აღმოჩენილი მე-17 საუკუნის დამბაჩის გამო მას შეეფარდა წინასწარი პატიმრობა. აღსანიშნავია, თავად ექსპერტიზა ამბობს, რომ ამ დამბაჩის გამოყენება თითქმის წარმოუდგენელია. რაც შეეხება ნარკოტიკებს, მას პოლიციამ ნარკოტიკები ჩაუდო და ამას ადასტურებს საქმესთან დაკავშირებული ყველა გარემოება. იმედი გვაქვს, ჩვენს მიერ არჩეული ხელისუფლება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ გიორგი გუდაძე, რომელიც იმყოფება უკანონო პატიმრობაში, გათავისუფლდეს", - აცხადებენ გუდაძის მეგობრები.
გიორგი გუდაძის დედის, ირინა მდივანის განცხადებით, მისთვის გაუგებარია თუ რა ინტერესები აქვს სამართალდამცველ უწყებებს, რომ მისი შვილის მიმართ ასეთ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებს. "დღევანდელი აქცია არ არის მხოლოდ ჩემი შვილის მხარდასაჭერი. ჩვენ ამ აქციით მხარს ვუჭერთ ყველა უკანონო პატიმარს. გიორგიც არის უკანონო პატიმარი, ის არ არის ნარკომანი და შესაბამისად, მას არ ჰქონდა ნარკოტიკები. ედავებიან კიდევ მე-17 საუკუნის დამბაჩას, რომლის გამოყენებაც შეუძლებელია და ის მხოლოდ რელიქვიურ დანიშნულებას ატარებს. გიორგი არის წესიერი ბიჭი, სპორტსმენი, განათლებული, მეგობრების მოყვარული და რას ერჩის ან რა უნდა პოლიციას მისგან, ჩვენთვის გაუგებარია", - განაცხადა ირინა მდივანმა.
იხილეთ ბმული: "ასე იდება "წამალი" - ლალი მოროშკინამ აქციაზე ახალგაზრდებს "ნარკოტიკი" ჩაუდო
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"